მიხეილ ყაველაშვილი: ჩემმა ვიზიტებმა მეზობელ ქვეყნებში - აზერბაიჯანში, სომხეთსა და თურქეთში, შემდეგ კი გაეროსა და სერბეთში, კიდევ უფრო ნათლად დამანახა, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკური ვექტორი უალტერნატივოა
ჩემმა ვიზიტებმა მეზობელ ქვეყნებში - აზერბაიჯანში, სომხეთსა და თურქეთში, შემდეგ კი გაეროსა და სერბეთში, კიდევ უფრო ნათლად დამანახა, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკური ვექტორი უალტერნატივოა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა „ელჩების კონფერენცია 2025“-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრეზიდენტმა ქართველ დიპლომატებს მოუწოდა ძალისხმევა არ დაიშურონ სავაჭრო-სატრანზიტო კავშირების გასავითარებლად.
„ჩვენი საერთო მიზანია, საქართველომ კიდევ უფრო განამტკიცოს სამხრეთ კავკასიის მთავარი რეგიონული ჰაბის სტატუსი. ამასთანავე, მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი უფრო დიდი გეოგრაფიული სივრცეების - აზიის, ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ეკონომიკურ და მშვიდობიან ინტეგრაციას.
მოვუწოდებ თითოეულ თქვენგანს, ძალისხმევა არ დავიშუროთ სავაჭრო-სატრანზიტო კავშირების კიდევ გასავითარებლად. ეს არა მხოლოდ გლობალურ დაკავშირებადობას შეუწყობს ხელს, არამედ საქართველოს დაუბრუნებს თავის ისტორიულ, ცივილიზაციური გზაჯვარედინის ფუნქციას.
საქართველო არა მხოლოდ შუა დერეფნის ერთ-ერთი მთავარი კვანძია, არამედ უნიკალური ცივილიზაციური დიალოგის სივრცეა, სადაც საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა კულტურები მშვიდობიანად თანაარსებობდნენ“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.