Loading data...
მიხეილ ყაველაშვილი: აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში არსებული დაძაბული ვითარების ფონზე, საქართველო და სომხეთი პოლიტიკური, ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების განვითარებას განაგრძობენ

„მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვმასპინძლობ ოფიციალური ვიზიტით მყოფ, მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს. მოგეხსენებათ, მიმდინარე წელს ეს ჩვენი მეორე შეხვედრაა. 29 აპრილს ოფიციალური ვიზიტით ვიმყოფებოდი სომხეთის რესპუბლიკაში. მსურს, დღევანდელი შესაძლებლობა გამოვიყენო და ბატონ პრეზიდენტს კიდევ ერთხელ, საჯაროდ გადავუხადო მადლობა თბილი მასპინძლობისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სომხეთის პრეზიდენტთან ვაჰაგნ ხაჩატურიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტმა 2024 წელს გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებაზე გაამახვილა ყურადღება.

„სასიხარულოა, რომ 2025 წელი განსაკუთრებით ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული კავშირების გაღრმავების თვალსაზრისით. სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მიღწეულმა შედეგებმა ჩვენი თანამშრომლობის ეფექტიანობა და მასშტაბურობა ნათლად წარმოაჩინა“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალმხრივი ურთიერთთანამშრომლობა სამაგალითოა.

„საქართველო და სომხეთი მრავალი საუკუნეა, გვერდიგვერდ, ჰარმონიულად თანაცხოვრობენ. ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა, რომელიც ურთიერთპატივისცემაზე, ნდობასა და ურყევ მეგობრობაზეა დაფუძნებული, მხოლოდ გეოგრაფიული სიახლოვით არასდროს ყოფილა განპირობებული. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია ის ღირებულებითი თანხვედრა და საერთო ხედვები, რომლებიც ჩვენს ხალხებს აერთიანებთ - სახელმწიფო სუვერენიტეტის, ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის დაცვა, როგორც საქართველოსთვის, ისე სომხეთისთვის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს, რაც კიდევ უფრო მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების მყარ საფუძველს ქმნის. ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალმხრივი ურთიერთთანამშრომლობა, მართლაც სამაგალითოა. აქტიური ორმხრივი ურთიერთობების კვალდაკვალ, საქართველო და სომხეთი მრავალმხრივ პლატფორმებზეც ნაყოფიერად თანამშრომლობენ“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სომეხ კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ამ კონტექსტში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სომხეთის სახელმწიფოს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით, რისთვისაც მსურს, ბატონო პრეზიდენტო, რომ მადლობა გადავუხადო თქვენს ქვეყანას, როგორც ჩემი, ისე ქართველი ხალხის სახელით“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მსოფლიოში არსებული დაძაბული ვითარების ფონზე, საქართველო და სომხეთი პოლიტიკური, ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების განვითარებას განაგრძობენ.

„შეხვედრის მიმდინარეობისას აღვნიშნე, რომ სწრაფად ცვალებადი გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას უფრო და უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში არსებული დაძაბული ვითარების ფონზე, ჩვენ პოლიტიკური, ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების განვითარებას განვაგრძობთ“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.