მათიკაშვილი: მნიშვნელოვანია, ევროკავშირის ქვეყნებში შენარჩუნდეს ისეთი ხელისუფლებები, რომლებიც ეროვნული ინტერესების, ტრადიციების დაცვაზე არიან ორიენტირებული
საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, ევროკავშირის ქვეყნებში შენარჩუნდეს, არსებობდეს ისეთი ხელისუფლებები, რომელიც ქვეყნის ეროვნული ინტერესების, ოჯახური ღირებულებების, სუვერენიტეტისა და ტრადიციების დაცვაზე არიან ორიენტირებული, - განუცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა უნგრეთში ჟურნალისტებს.
მათიკაშვილი საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაში იმყოფება, რომელიც 12 აპრილს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება.
დეპუტატის თქმით, შეიმჩნევა ბრიუსელის მხრიდან უნგრეთის მოსახლეობაზე ზეწოლის მცდელობა.
„ყველა მსურველ პოლიტიკურ ძალას ჰქონდა საშუალება, წინასაარჩევნო კამპანია წარემართა, თუმცა, ამავდროულად, ჩვენ ვხედავთ, ვაკვირდებოდით ბრიუსელის, ევროკავშირის მხრიდან მცდელობას, თვითონ საზოგადოებაზე, უნგრეთის მოსახლეობაზე მოახდინოს გავლენა, ზეწოლა. კონკრეტულად ერთი პოლიტიკური ძალის მიმართულებით, მის მხარდასაჭერად, რაც, რა თქმა უნდა, არ არის სწორი. ეს არის მცდელობა, ზემოქმედება მოახდინონ, ჩაერიონ უნგრეთის შიდა საქმეებში. საზოგადოებამ უნგრეთში თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თუ რომელი პოლიტიკური ძალა სურს ხელისუფლებაში.
ჩვენთვის, ქართველებისთვის, საქართველოსთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის ქვეყნებში შენარჩუნდეს, არსებობდეს ისეთი ხელისუფლებები, რომლებიც ქვეყნის ეროვნული ინტერესების, ოჯახური ღირებულებების, სუვერენიტეტისა და ტრადიციების დაცვაზე არიან ორიენტირებული“, - განაცხადა მათიკაშვილმა.