მათიკაშვილი: გლობალური ძალები, რომლებიც ამერიკაშიც მოქმედებენ, ყველაფერს კადრულობენ - შეუძლიათ, პრეზიდენტობის კანდიდატს დააბრალონ პრორუსულობა, „დიფ სთეითი“ იგივე სახით ცდილობს, თქვას, რომ რუსეთი საქართველოს არჩევნებში ერევა

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი შეერთებულ შტატებში დაწყებულ გამოძიებას ეხმაურება, რომელმაც, მისი შეფასებით, „დიფ სთეითთან“ დაკავშირებით სპეკულაციებს წერტილი დაუსვა.
„იმ სკანდალმა, რომელიც არის აგორებული დონალდ ტრამპის საარჩევნო მარათონთან დაკავშირებით, ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაუსვა იმ მანიპულაციებს, რაც ქართველი რადიკალების მხრიდან ხდება. ეს გლობალური ძალები, რომლებიც ამერიკაშიც მოქმედებენ და რომელთა სიმძიმის წერტილი ასევე არის ევროპაში გადმონაცვლებული, ყველაფერს კადრულობენ. მათ შორის, შეუძლიათ, პრეზიდენტობის კანდიდატს დააბრალონ პრორუსულობა. „დიფ სთეითი“ იგივე სახით ცდილობს, თქვას და თავი გაიმართლოს, რომ რუსეთი ერევა საქართველოს არჩევნებში, ევროპული ქვეყნების არჩევნებში“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.