Loading data...
მარტა კოსი: დაკავშირებადობის დღის წესრიგზე საუბარი საქართველოს გარეშე შეუძლებელია

„სომხეთთან როდესაც ვმუშაობთ, საქართველოსაც ყოველთვის მხედველობაში ვიღებთ. ღია ვიქნებით საქართველოს ჩასართავად, თუ საქართველო თავადაც გამოავლენს მზაობას, ჩაერთოს სხვა სფეროებშიც“, - ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე ევროპარლამენტარ კრისტიან ტერესის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ევროპის აზიასთან დამაკავშირებელი მარშრუტებიდან ერთადერთი რეალური სცენარი შუა დერეფანია. კრისტიან ტერესი დაინტერესდა, რა არის კონკრეტული გეგმა შუა დერეფნის გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად და როდის ესაუბრნენ ბოლოს ქართულ მხარეს.

„ვიცი, კომისიამ ქართული მთავრობისადმი გარკვეული გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ გეოგრაფიას ვერ შევცვლით. რამდენიმე კვირის წინ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ეწვია საქართველოს, შემდეგ კი მდივანმა რუბიომ პირდაპირ დაურეკა პრემიერ-მინისტრს. თუ ისინი ამას აკეთებენ, ჩვენ რატომ ვერ ვაკეთებთ? გვჭირდება საქართველო, გვჭირდება სომხეთი, გვჭირდება აზერბაიჯანი. რა არის თქვენი გეგმა მათ შესანარჩუნებლად?“, - მიმართა ევროპარლამენტარმა კრისტიან ტერესმა მარტა კოსს.

ევროკომისრის თქმით, ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების ფონზე საუკეთესო გამოსავალი მართლაც შუა დერეფანია.

„ძირითადად, გაფართოების პროცესზე ვსაუბრობდი, მაგრამ ჩემი სამუშაოს მეორე მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ დაკავშირებადობის დღის წესრიგია, ევროპის ცენტრალურ აზიასთან დაკავშირება, იმ ქვეყნების გავლით, რომლებიც თქვენ ახსენეთ. ბოლო სტრუქტურირებული დიალოგის შემდეგ სომხეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში არაერთხელ ვყოფილვარ, საქართველოში – არა, იმ მიზეზების გამო, რომლებიც თქვენ ახსენეთ. თქვენ მართალი ხართ: ირანში მიმდინარე ომის გამო, სამხრეთისა და ჩრდილოეთის სავაჭრო მარშრუტებიც აღარ არსებობს. ამიტომ საუკეთესო გამოსავალი შუა დერეფანია, მშვიდობის დერეფანი. ჩვენ ჩართული ვართ ამ პროცესში. დიახ, ტრამპიც ჩართულია, არსებობს 42-კილომეტრიანი დერეფნის პროექტი.

ჩვენ კი ვმუშაობთ აზერბაიჯანთან და ახლა ვახორციელებთ ნახიჩევანის სარკინიგზო ხაზის მიზანშეწონილობის კვლევას. ასევე, ვსაუბრობთ თურქეთთან კავშირის გაუმჯობესებაზე. დაკავშირებადობის დღის წესრიგი მხოლოდ სატრანსპორტო კავშირებით არ შემოიფარგლება, მოიცავს ენერგეტიკასა და ციფრულ სფეროსაც. ენერგეტიკა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან დღესდღეობით ჩვენ ვხედავთ, რომ საფრთხეში ვართ. დავაფინანსეთ სომხეთსა და საქართველოს შორის ელექტრომომარაგების სისტემის ქსელი. ეს შედიოდა იმ პროექტში, რომელიც სომხეთს საშუალებას მისცემს, საკმარისი ელექტროენერგია საქართველოდანაც მიიღოს.

დაკავშირებადობის დღის წესრიგზე საუბარი საქართველოს გარეშე შეუძლებელია. ამიტომ როდესაც სომხეთთან ვმუშაობთ, საქართველოსაც ყოველთვის მხედველობაში ვიღებთ. ჩვენ ღია ვიქნებით საქართველოს ჩასართავად, მაგრამ ამის საშუალება მხოლოდ მაშინ გვექნება, თუ საქართველო თავადაც გამოავლენს მზაობას, ჩაერთოს სხვა სფეროებშიც“, - აღნიშნა მარტა კოსმა.