Loading data...
მარიამ ლაშხი მასზე თავდამსხმელებზე: თუ სრულწლოვანი ხარ იმ დანაშაულებისთვის, რასაც ჩადიხარ, მაშინ პასუხისმგებლობაც უნდა აიღო ამ დანაშაულებზე

„თუ სრულწლოვანი ხარ იმ დანაშაულებისთვის, რასაც ჩადიხარ, მაშინ პასუხისმგებლობაც უნდა აიღო ამ დანაშაულებზე“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მარიამ ლაშხმა მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით მასზე 17 მაისს განხორციელებულ თავდასხმაზე საუბრისას.

მან ასევე აღნიშნა, რომ თავდამსხმელების წინააღმდეგ დავის დაწყება მისი, როგორც მოქალაქის, კანონმდებლისა და დედის ინსტინქტით გადადგმული ნაბიჯი იყო.

„დანაშაულის კლასიფიკაციას მე არ ვახდენ. მე ვარ, როგორც ერთი დამოუკიდებელი მოქალაქე, მაგრამ როდესაც კანონმდებელი ხარ, კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით, განსაკუთრებული მაგალითი უნდა იყო იმისა, როგორ დაიცვა როგორც ბავშვები, შენი ქვეყანა, ასევე ის ძირითადი პრინციპები და ღირებულებები, რაც ჩვენ ქვეყანაში არსებობს. თუ სრულწლოვანი ხარ იმ დანაშაულებისთვის, რასაც ჩადიხარ, მაშინ პასუხისმგებლობაც უნდა აიღო ამ დანაშაულებზე. შესაბამისად, ეს იყო ჩემი, როგორც მოქალაქის, კანონმდებლის და დედის ინსტინქტით გადადგმული ნაბიჯი“, - განაცხადა დეპუტატმა.

17 მაისს მარიამ ლაშხი, მცირეწლოვან შვილებთან ერთად, კაფეში იმყოფებოდა, რა დროსაც მასთან სამი აქტივისტი შეძახილებით მიიჭრა.

დეპუტატ მარიამ ლაშხის შეურაცხყოფისთვის ლიკა ლორთქიფანიძესა და თათია აფრიამაშვილს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა, ხოლო მაგდა მამუკაშვილს 4000-ლარიანი ჯარიმა შეეფარდათ.