მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, მიმდინარე ერთობლივი პროექტები და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული აქცენტი რეგიონის სატრანსპორტო, ლოგისტიკური და ენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებასა და დაკავშირებადობის გაძლიერებაზე გაკეთდა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების დინამიკას და აღინიშნა, რომ 2000 წლიდან აზერბაიჯანი სტაბილურად იკავებს ადგილს საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა ათეულში. გარდა ამისა, მხარეებმა დადებითად შეაფასეს მგზავრთნაკადის მნიშვნელოვანი ზრდა, რომელიც თბილისსა და ბაქოს შორის სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას მოჰყვა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში გიორგი ზაქარაშვილი და აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი მიქაელ ჯაბაროვი.