მამუკა მდინარაძე „ჰექსოგენის“ საქმეზე: როგორც მინიმუმ, არ შეიძლება სერიოზულად ვიმსჯელოთ იმაზე, რომ ეს უბრალოდ დამთხვევა იყო, ყველა არჩევნების წინ მსგავსი სპეცოპერაციაა საქართველოში

როგორც მინიმუმ, არ შეიძლება ჩვენ სერიოზულად ვიმსჯელოთ იმაზე, რომ ეს უბრალოდ დამთხვევა იყო. ყველა არჩევნების წინ მსგავსი სპეცოპერაციაა საქართველოში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მამუკა მდინარაძემ „ჰექსოგენის“ საქმეზე საუბრისას.
გადაცემის წამყვანმა მას ჰკითხა - „წინასაარჩევნო პერიოდია და განსაკუთრებით საყურადღებოა უკრაინის სპეცსამსახურების როლი ამ საქმეში. ბუნებრივად გვახსენდება სააკაშვილის შემოპარება კონტეინერით არჩევნების წინ, 2016 წლის არჩევნებამდე 4 დღით ადრე გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქება და ეს არის მოვლენები, რომლებიც უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით ვითარდება, როგორც წესი, წინასაარჩევნო პერიოდში და შეგვიძლია თუ არა დავაბრალოთ ეს ყველაფერი შემთხვევითობას, და თუ არა, რა დამოკიდებულებაზე მეტყველებს ჩვენი ქვეყნის მიმართ?“.
„პოლიტიკური შეფასებებისგან თავს შევიკავებ, ჩემი ახალი სტატუსიდან გამომდინარე, თუმცა შეგვიძლია ერთი მიმართულებით ვთქვათ, რომ ეს იყო დამთხვევა, რომ გივი თარგამაძე ააფეთქეს სპეცსამსახურებმა, თუ სხვა ძალებმა, ვისაც ამის ინტერესი ჰქონდა და ინტერესი იყო საქართველოში არეულობის მოწყობა და ის საბედნიეროდ გადარჩა. საბედნიეროდ, მარტო გივი თარგამაძე კი არ გადარჩა, მაშინ გადარჩა ქვეყანა გაცილებით დიდი ტურბულენტობისგან, იმიტომ, რომ ამ აფეთქების მიზანი, უდიდესი ალბათობით, არავის აინტერესებდა კონკრეტულად ამ ფიზიკურ პირზე ანგარიშსწორება, ეს იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება, რომ ვნებათაღელვა გამოწვეულიყო. ეს მიზანი გვაჩვენა შემდეგ ყველა მსგავსმა დაგეგმილმა სპეცოპერაციამ. ასეთი სპეცოპერაცია იყო მიხეილ სააკაშვილის შემოპარება საქართველოში, ავტორებიც ვიცით და ასეთი სპეცოპერაციების რიგში ჩაჯდა, სამწუხაროდ, „ჰექსოგენის“ ბოლო საქმე და რომ არა ჩვენი სპეცსამსახურების თანამშრომლების მაღალი პროფესიონალიზმი, ჩვენ უკვე განვითარების ასპროცენტიანი სიზუსტის შესახებ ვარაუდის გამოთქმაც შეიძლება გაგვიჭირდეს, რა შეიძლება მოჰყოლოდა ამ დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერების ვერ აღმოჩენას. როგორც მინიმუმ, არ შეიძლება ჩვენ სერიოზულად ვიმსჯელოთ იმაზე, რომ ეს უბრალოდ დამთხვევა იყო. ყველა არჩევნების წინ მსგავსი სპეცოპერაციაა საქართველოში“, - განაცხადა მდინარაძემ.