Loading data...
მამუკა მდინარაძე: ათეულობით ათას სამართალდამცველს შორის ჯერჯერობით ერთიც კი ვერ იპოვეს, რომელიც ღალატზე ხელს მოაწერდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა ოპოზიციის მცდელობაზე, მოისყიდონ პოლიციელები, სპეცრაზმელები, თუ სამართალდამცავი უწყების სხვა წარმომადგენლები.

მისი თქმით, მხოლოდ პოლიციის რიგებში 40 000-ზე მეტი თანამშრომელია, თუმცა ამ დრომდე ერთი ადამიანიც კი ვერ იპოვეს, რომელიც ხელს მოაწერს ღალატზე.

„საჯაროდ ბევრი განცხადება მოვისმინეთ და ასევე ბევრი ინფორმაცია გვაქვს, რომ მართლაც გამალებით ეძებენ ასეთ ადამიანებს, პოლიციის და განსაკუთრებით სპეცდანიშნულების თანამშრომლების რიგებში. მათ შორის იმ ადამიანების რიგებში, რომლებმაც მაგალითად ზვიად ხარაზიშვილთან ერთად დატოვეს სპეცდანიშნულების რიგები. ყველაფერი შეიძლება ამ ხალხს დააბრალო, მაგრამ მოღალატეს ვერ დაუძახებენ და არც ერთი სპეცრაზმელი მოღალატეს არ დააძახებინებს არავის. ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, ძალიან გაუჭირდებათ ასეთი ადამიანის პოვნა ამ ხალხის რიგებში. რა და რა, ვაჟკაცობას ვერ წაართმევ ამ ხალხს, პრაქტიკულად, შეუძლებელია, აქ იპოვონ ისეთი ადამიანი, რომელიც ღალატზე ხელს მოაწერს, რაღაც თანხებს რომ ასახელებენ - 200 000-ის, 400 000-ის, მილიონის, თუ ნებისმიერი თანხის სანაცვლოდ. ეს არის შემადგენლობა, ვგულისხმობ სპეცრაზმელებს, პოლიციელებს, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს, პროკურორებს, სამართალდამცავ ორგანოში მომუშავე ადამიანებს, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის არის ღირსება პირველ ადგილზე და ამ ღირსებას ფულით ვერ იყიდი. და სწორედ ამიტომ ხდება შემდეგ სხვა საკითხებით გადაფარვა, რომ აქ მოღალატეს ვერ პოულობენ და ჩვენც ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას. ძალიან ცდილობენ, რომ ასეთი ადამიანი იპოვონ, მაგრამ ჯერჯერობით ძალიან უჭირთ. საუბარია თან ათეულობით ათას ადამიანზე. მარტო პოლიციის რიგებში 40 000-ზე მეტი თანამშრომელია. ათეულობით ათას სამართალდამცველს შორის ჯერჯერობით ერთიც კი ვერ იპოვეს, რომელიც ამაზე ხელს მოაწერდა“, - აღნიშნა სუსის უფროსმა.