მახაშვილი თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: კარგად ხედავენ, რომ დღეს მართალ სიტყვას აქვს ძალიან დიდი ძალა, მათ შორის ტყუილის და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ფარად აღმართვის ნაწილში და სწორედ ამას ურტყამენ
ძალიან კარგად ხედავენ, რომ დღეს ინფორმაციას, მართალ სიტყვას აქვს ძალიან დიდი ძალა, მათ შორის ტყუილის და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ფარად აღმართვის ნაწილში და სწორედ ამას ურტყამენ, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მათ დაინახეს მთავარი შიში და ამიტომ გადაწყვიტეს ამ ორი ტელევიზიის დასჯა.
„ვხედავთ როგორ იძულებით ხდება საკუთარი „სიმართლის“ თავს მოხვევა სხვა ქვეყნებისთვის. ისინი ძალიან კარგად ხედავენ, რომ დღეს ინფორმაციას, მართალ სიტყვას აქვს ძალიან დიდი ძალა, მათ შორის ტყუილის და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ფარად აღმართვის ნაწილში და სწორედ ამას ურტყამენ.
ტელევიზიები - „იმედი“, POSTV, როდესაც ცდილობენ მართალი სიტყვით საზოგადოებამდე მიიტანონ ინფორმაცია, საზოგადოებამ მიიღოს სწორად ინფორმირებული გადაწყვეტილებები, აქ დაინახეს მთავარი შიში და ამიტომ გადაწყვიტეს ამ ორი ტელევიზიის დასჯა“, - აღნიშნა მახაშვილმა.