Loading data...
მაკა ბოჭორიშვილმა ანტალიის დიპლომატიის ფორუმში საქართველოს მონაწილეობა შეაფასა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მედიასთან გაკეთებულ კომენტარში ანტალიის დიპლომატიის ფორუმში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობასა და ორმხრივ შეხვედრებზე ისაუბრა.

მინისტრის განცხადებით, ფორუმი წარმოადგენს მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმას, რომელიც მაღალი დონის დიალოგისა და შეხვედრების შესაძლებლობას იძლევა. მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს ფორუმის ფარგლებში ჰქონდა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღო მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღო მაღალი დონის პანელში, სადაც გაიმართა დისკუსია თანამედროვე გლობალურ გამოწვევებზე. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა საქართველოს ხედვებზე და ჩვენს პერსპექტივაზე გლობალურად მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრმა ასევე ისაუბრა ფორუმის ფარგლებში გამართულ ორმხრივ შეხვედრებზე და აღნიშნა ალბანეთის ახლადდანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის მნიშვნელობა.

„მქონდა შეხვედრა ჩემს ახლადდანიშნულ ალბანელ კოლეგასთან. ვისაუბრეთ საქართველოსა და ალბანეთის ევროინტეგრაციის პროცესზე, საერთო გამოწვევებზე და ასევე, რეგიონში მიმდინარე კრიზისზე“, - განაცხადა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ფორუმის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და თურქეთის პრეზიდენტს შორის წარმოადგენს მნიშვნელოვან შესაძლებლობას ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხების განსახილველად.

„დღეს ასევე შედგება პრემიერ-მინისტრის შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტთან. ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა იმისათვის, რომ მეზობელ, სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებზე ვისაუბროთ“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.