მაკა ბოჭორიშვილი ვაიმარის სამკუთხედის საგარეო უწყებების წარმომადგენლებს შეხვდა
2026 წლის 16 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მიიღო ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნების წარმომადგენლები - საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტინენტური ევროპის დირექტორი ბრის როკეფეი, გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორი ნიკლას ვაგნერი და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მიხალ გიერგონი. ინფორმაციას საგარეო უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებს, ასევე, ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს. მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და ამ კონტექსტში ხაზი გაუსვეს სტაბილურობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობას.
მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე, პრიორიტეტებსა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე. ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნების საგარეო უწყებების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.