მაკა ბოჭორიშვილი: USAID-ის დახმარებით არაერთი დაფინანსება მიუღიათ იმ ძალებს, რომლებიც პირდაპირ იყვნენ ჩართულები საქართველოს პოლიტიკაში და რევოლუციების დაფინანსებაში
ვიცით, რომ ამ დაფინანსებაში დიდი წვლილი ჰქონდათ სწორედ იმ ფონდებს, რომლებზედაც საუბრობენ დღეს უკვე ხმამაღლა ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციაში, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
აღნიშნულით იგი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის მაიკ ბენცის მიერ 2024 წლის პროტესტების შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. კერძოდ, ბენცის თქმით, 2024 წელს „უცხოური გავლენის კანონის“ წინააღმდეგ აქციებში ჩართული ადამიანები აშშ-ის წინა ადმინისტრაციის პერიოდში მათ შორის USAID-ისა და NED-ის მეშვეობით ფინანსდებოდნენ.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, მათ შორის, USAID-ის დახმარებით არაერთი დაფინანსება მიუღიათ იმ ძალებს, რომლებიც პირდაპირ იყვნენ საქართველოში პოლიტიკაში ჩართულები და პირდაპირ იყვნენ ჩართულები საქართველოში რევოლუციების დაფინანსებაში, ხელისუფლების არაკანონიერი გზებით შეცვლას უწყობდნენ ხელს.
„ეს არის ის, რის წინააღმდეგაც იბრძვის საქართველოს ხელისუფლება და აგრძელებს ბრძოლას. ეს არის ის, რაც ჩვენთვის მიუღებელია, რაც წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიის განვითარებასთან“, - აღნიშნა მან.