მაკა ბოჭორიშვილი: თუკი რუსეთს სურს საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზება, ყველამ კარგად ვიცით, რა ნაბიჯები და ვისი მხრიდან არის გადასადგმელი იმისათვის, რომ რაიმე პროგრესი იყოს ამ თვალსაზრისით
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „დღის თემა” რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელსა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელს შორის მინსკში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.
მინისტრის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლის ინსტიტუტი სიახლეს არ წარმოადგენს და არსებობს 2012 წლიდან.
მისივე თქმით, იყო აღნიშნული მექანიზმის გამოყენების საჭიროება, შესაბამისად, მოხდა წარმომადგენლის დანიშვნა და შედგა აღნიშნული შეხვედრა.
„შეხვედრის საჭიროება იყო, ასეთი საჭიროება არ დაგვიმალავს. რუსეთის ფედერაციის მხრიდან მიღებული იყო გადაწყვეტილება, რომელიც კონკრეტულ ქართულ კომპანიებს შეეხება, კონკრეტულ საკითხს შეეხება, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი ეკონომიკისთვის, ჩვენი ბიზნესის წარმომადგენლებისთვის.
შესაბამისად, ხელისუფლება ვალდებულია გარკვეული ნაბიჯები გადადგას, რა თქმა უნდა, იმისათვის, რომ საქართველოს ინტერესები იყოს მაქსიმალურად დაცული, აქედან გამომდინარე, ჩვენ გვქონდა მექანიზმი, რომლის ამუშავებაც შეიძლებოდა და გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა - დაინიშნა წარმომადგენელი და შედგა შეხვედრა“, - აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მინისტრმა, ასევე, ისაუბრა შეხვედრის ადგილთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ შეხვედრის გამართვის ადგილად მინსკი იყო შემოთავაზებული, რასაც ქართული მხარე არ ეწინააღმდეგებოდა, ვინაიდან შეხვედრის ადგილი შეხვედრის შინაარსს არ ცვლის.
მინისტრის განცხადებით, ბელორუსის მხარემ უზრუნველყო შეხვედრის ჩატარება ყოველგვარი შეფერხების გარეშე, ამასთან, ბელორუსი შეხვედრის მხარე არ ყოფილა, შესაბამისად, არ ჰქონია გავლენა შეხვედრის შინაარსსა და შედეგებზე.
მისივე თქმით, შეხვედრის შედეგებზე საუბარი, ასევე, შეხვედრების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ მონაწილე მხარეებს შეუძლიათ.
„ბელორუსი ამ შეხვედრების მხარე არ არის და არ აქვს ამ შეხვედრების შინაარსზე და შედეგებზე ინფორმაცია, არც შედეგების შეფასება შეუძლია ვინმეს, თუ ამას არ გავაკეთებთ ჩვენ ან რუსეთი; შესაბამისად, შეხვედრების საჭიროება თუ გაგრძელებაც, რა თქმა უნდა, მხარეების გადასაწყვეტია და არა იმათი, ვისაც არ აქვს არანაირი როლი ამ შემთხვევაში ამ შეხვედრების შინაარსში.
შეხვედრების გაგრძელებაზე და შემდგომ ნაბიჯებზე არანაირი შეთანხმება არ არსებობს და, რა თქმა უნდა, თუკი იქნება შემდგომი შეხვედრის საჭიროება, მხარეები განიხილავენ, იმ კონკრეტულ მოცემულობაში და კონკრეტული საჭიროებების გათვალისწინებით, სად იქნება შეხვედრა“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრის განცხადებით, თბილისში ან მოსკოვში შეხვედრის გამართვასთან დაკავშირებით შეთავაზება ან გადაწყვეტილება დღის წესრიგში არ დგას.
მაკა ბოჭორიშვილმა ასევე განმარტა, რომ გიორგი ზურაბაშვილის ორი პოზიცია ერთმანეთისგან გამიჯნულია და ამ შემთხვევაში იგი მოქმედებს არა როგორც მინისტრის პირველი მოადგილე, არამედ როგორც პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი.
აქედან გამომდინარე, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისათვის, რომ აღნიშნული საკითხი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას დაუკავშირდეს.
„თუკი იქნება ამის საფუძველი და ყველამ ძალიან კარგად იცის, რა შეიძლება იყოს საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საფუძველი, დასამალი ეს ნამდვილად არ იქნება. პირიქით, ყველას ძალიან გაუხარდება, თუკი იქნება ის მოცემულობა, რა მოცემულობაშიც ჩვენ შევძლებთ დიპლომატიური ურთიერთობების განახლებას.
თუკი რუსეთს სურს საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზება, ყველამ კარგად ვიცით, რა ნაბიჯები და ვისი მხრიდან არის გადასადგმელი იმისათვის, რომ რაიმე პროგრესი იყოს ამ თვალსაზრისით რუსეთის ფედერაციასთან“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ურთიერთობის ნორმალიზებისთვის მხოლოდ სურვილის გამოხატვა საკმარისი არ არის და საჭიროა მისი განხორციელებისკენ მიმართული კონკრეტული ქმედებები და ნაბიჯები.
მისივე თქმით, ამ შემთხვევაში, საქართველო არ არის ის ქვეყანა, რომელმაც რაიმე ნაბიჯები უნდა გადადგას რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით.