Loading data...
მაკა ბოჭორიშვილი - სერბეთში ვიზიტი უმაღლეს დონეზე განხორციელდა, თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები გვაქვს ბევრი მიმართულებით და უახლოეს პერიოდში მუშაობა უნდა გაგრძელდეს

„სერბეთში პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტი უმაღლეს დონეზე განხორციელდა. ძალიან კარგი შეხვედრები გვქონდა სერბეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ყველა მნიშვნელოვან საკითხს შევეხეთ, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დღის წესრიგშია“, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოსა და სერბეთს შორის თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები არსებობს ბევრი მიმართულებით.

„ჩვენი ურთიერთობების განვითარების პოტენციალი არის ძალიან კარგი, თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები გვაქვს ბევრი მიმართულებით. ამ თვალსაზრისით უახლოეს პერიოდში უნდა გაგრძელდეს მუშაობა, რათა სერბებთან ურთიერთობები განვავითაროთ სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა, თუ განათლების, კულტურის, სპორტის სფეროში თანამშრომლობა. ეს საჭირო და აუცილებელია როგორც რეგიონული თანამშრომლობის კონტექსტში, ასევე ევროკავშირის და ევროპასთან თანამშრომლობის კონტექსტშიც. სერბეთიც და საქართველოც გახლავთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. ამ მიმართულებითაც ბევრი გვაქვს ერთმანეთისთვის გასაზიარებელი, მსგავსი გამოცდილებები გვაქვს ევროკავშირთან ურთიერთობებში. რა თქმა უნდა, ყველა ამ მიმართულებით საჭიროა თანამშრომლობის გაძლიერება. პრეზიდენტის ვიზიტი, რომელიც უმაღლეს დონეზე განხორციელდა, იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ ყველა ამ თემაზე გვქონოდა მსჯელობა სერბეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ამასთან, როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, სერბეთში მოინახულეს „იგლ ჰილსის“ პროექტი, რომელიც, ბოჭორიშვილის შეფასებით, საუკეთესო მაგალითია იმის დასანახად, „რა მოაქვს ინვესტიციას, რა პოზიტიური წვლილი შეაქვს ეკონომიკის განვითარებაში“.

„ასევე დღეს გვქონდა შესაძლებლობა, მოგვენახულებინა ის პროექტი, რომელიც უკვე ათ წელზე მეტია, ხორციელდება სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში იმავე კომპანიის მიერ, რომელიც საქართველოში ახორციელებს დიდ ინვესტიციას და საქართველოში ერთგვარად სპეკულაციების საგანი ხდება. ბელგრადში განხორციელებული პროექტი არის საუკეთესო მაგალითი, რომ საზოგადოებამ საკუთარი თვალით ნახოს, რა მოაქვს ინვესტიციას, რა პოზიტიური წვლილი შეაქვს ეკონომიკის განვითარებაში, როგორ ხორციელდება მსგავსი პროექტი ევროპის ერთ-ერთ ქალაქში, ერთ-ერთ დედაქალაქში. ჩვენთვისაც ეს იყო ძალიან საინტერესო, ბევრ კითხვას შეიძლება გაეცეს პასუხი და სპეკულაციები, რასაც ვხედავთ ჩვენს ქვეყანაში, ძალიან მარტივად იყოს გაქარწყლებული. არანაირი ნერვიულობის საფუძველი ჩვენს საზოგადოებას არ აქვს. ძალიან კარგი მაგალითები არსებობს სწორედ იმავე კომპანიის, იგივე ბრენდის მიერ განხორციელებული პროექტებისა. ამის საფუძველზე შეგვიძლია, მშვიდად განვახორციელოთ ის პროექტი, რასაც საქართველო ახორციელებს თბილისსა და გონიოში. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.