მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს პარლამენტმა 2020 წლიდან ყველა კანონი მიიღო იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის დასაცავად გარკვეული ზომების მიღება გახდა საჭირო
ჩვენ არ მივიჩნევთ, რომ რამე რეპრესიული კანონი არსებობს საქართველოში, – ასე უპასუხა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, არის თუ არა საქართველოს ხელისუფლებისთვის მისაღები ევროკავშირის გზამკვლევი, სადაც მიუთითებენ, რა შეიძლება, გაკეთდეს, რომ დიალოგი აღდგეს.
„ჩვენ ვთვლით, რომ ყველა კანონი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო 2020 წლიდან, აქედან დავიწყოთ, რადგან ეს პროცესი განსაკუთრებულად აქტიურ ფაზაში შევიდა 2021-2022 წლებში, მიიღო იმიტომ, რომ საჭირო გახდა ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის დასაცავად გარკვეული ზომების მიღება. ჩვენ უნდა ვყოფილიყავით უპასუხისმგებლო ხელისუფლება, რომ არაფერი არ გაგვეკეთებინა ამისთვის; ჩვენ რომ ეს არ გაგვეკეთებინა, შეიძლება, დღეს აქ არ ვმსხდარიყავით, ასე მშვიდად არ გვესაუბრა და არ გვემსჯელა, როგორ განვაახლოთ დიალოგი ევროკავშირთან. ჩვენ სრულიად სხვა მოცემულობა შეიძლებოდა, გვქონოდა დღეს“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, რაც შეეხება დემოკრატიულ უკუსვლას, ესეც ტყუილია.
„როგორ შეიძლება, ხელისუფლებას, რომელიც პირიქით, იცავს იმას, რომ დემოკრატიული წესები იყოს ქვეყანაში შენარჩუნებული, ჩატარდეს არჩევნები, ადამიანებს მიეცეთ შესაძლებლობა, მივიდნენ არჩევნებზე, მისცენ ხმა და შენ მხარს უჭერდე იმ ადამიანებს, რომლებიც უარს ამბობენ არჩევნებზე და პარლამენტში შესვლაზე, ეუბნებოდე, შენ გამოხატავ საქართველოს ინტერესებს, შენ უნდა გელაპარაკო, შენ ხარ საქართველოს წარმომადგენელი? ანუ, საერთოდ არ გვქონდეს პრეტენზია ამ ადამიანებთან, რომ მათ რამე დაუშავეს ქართულ დემოკრატიას და პრეტენზია გქონდეს საქართველოს ხელისუფლებასთან, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რათა ქვეყანაში სტაბილური განვითარების შესაძლებლობა შეენარჩუნებინა, ეს არის უბრალოდ, უსამართლობა. ჩვენ არაფერს არ ვითხოვთ, დიალოგს არ სჭირდება წინაპირობები, ჩვენ ვითხოვთ ერთადერთ რაღაცას, რომ იყოს მოპყრობა სამართლიანი და სამართლიანად შევაფასოთ ის, რაც საქართველოში ხდება“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, დარჩა თუ არა მას ორი დღის წინ ევროკავშირის ელჩთან შეხვედრის შემდეგ შთაბეჭდილება, რომ შეიძლება, დიალოგის განახლების საკითხი გააქტიურდეს ევროკავშირის დღის წესრიგში, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ ამისთვის არ იყო საჭირო მაინცდამაინც ეს შეხვედრა.
„საკმაოდ დიდი ხანია, იგრძნობა ეს სხვადასხვა ფორმატში და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან საუბარში, რომ ასეთი მცდელობები და სურვილები, რა თქმა უნდა, არის და ეს ალბათ, გაგრძელდება. დარწმუნებული ვარ, ამ გადაცემასაც უსმენენ და ამ გზავნილებსაც იღებენ ბრიუსელში, მათ შორის და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საქართველოს არასდროს უთქვამს უარი დიალოგზე და საქართველოს არანაირი წინაპირობები არ სჭირდება იმისთვის, რომ ესაუბროს ევროკავშირს. ჩვენს საუბარს არ სჭირდება წინაპირობები. გასაგებია, რომ ურთიერთობებში არის გარკვეული რაღაცები. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ეს უზარმაზარი პროცესია, ძალიან გრძელი პროცესი და იქ ძალიან ბევრი რამ შეიძლება, დადგეს, მაგრამ ამას სჭირდება მოლაპარაკებები. ასე ჰქვია ამას, მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს ამასთან დაკავშირებით. თუ მოლაპარაკებებიც არ უნდა დაიწყოს, მაშინ ნუ მოვატყუებთ ჩვენს საზოგადოებას; თუ ეს არის ის პროცესი, სადაც მე უნდა დამიდონ წინაპირობები და წინაპირობები უნდა მივიღო, ან არ უნდა მივიღო და აქ წყდება ჩემი ევროკავშირში გაწევრიანება. ამ ქვეყანაში ცხოვრობს ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც აქვს ძალიან კარგად განსჯის უნარი და მოდით, დავდოთ ეს წინაპირობები. იყოს სამართლიანი ევროკავშირი, მანიპულაციას ნუ ვაკეთებთ, დავდოთ ეს წინაპირობები და ქართული საზოგადოება ძალიან კარგად დაინახავს, რა არის ეს წინაპირობები და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილება“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
შეკითხვაზე, იყო თუ არა დასახელებული ორშაბათის შეხვედრაზე ჰერჩინსკის მხრიდან კონკრეტული წინაპირობები, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ ამ შეხვედრაზე ასეთი მოთხოვნები არ ყოფილა.
„არა, ჩვენ ასეთი მოთხოვნები ახლა არ მოგვისმენია დიალოგთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მაგრამ კიდევ ერთხელ, ჩვენი მხრიდან ყოველთვის არის ღიაობა და თუკი იქნება ევროკავშირის მხრიდან სურვილი იმისა, რომ განახლდეს ჩვენ შორის ის დიალოგი, რომელიც, მათ შორის, გათვალისწინებულია ასოცირების შესახებ შეთანხმებით და, რომელიც, სხვათა შორის, ირღვევა მაშინ, როდესაც არ ატარებენ ისინი შეხვედრებს საქართველოსთან, განახლდეს ეს და აღადგინონ, ისევ და ისევ დაუბრუნდნენ ასოცირების შეთანხმების ჩარჩოს და განახლდეს დიალოგი“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.