მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მზად არის ევროკავშირთან დიალოგისთვის, თუმცა ეს უნდა ეფუძნებოდეს ღირსეულ პარტნიორობასა და შესაბამისი დონის წარმომადგენლობას
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას ევროკავშირთან დაკავშირებადობის საკითხებზე დიალოგის მნიშვნელობაზე, დაგეგმილ ღონისძიებებში საქართველოს მონაწილეობასა და პარტნიორობის პრინციპებზე ისაუბრა.
მინისტრის განცხადებით, საქართველო მზად არის ევროკავშირთან ნებისმიერ განხილვასა და დიალოგში ჩაერთოს, მათ შორის დაკავშირებადობის საკითხებზე, თუმცა მონაწილეობა შესაბამის დონეზე უნდა განხორციელდეს. მისი განმარტებით, აღნიშნული პოზიცია ევროკომისიისთვის კარგად არის ცნობილი და საქართველოს მონაწილეობისთვის აუცილებელია შესაბამისი დონის წარმომადგენლების მიწვევა.
„ჩვენი პასუხი ევროკომისიისთვის და ევროკომისიის ხელმძღვანელი პირებისთვის არის ცნობილი: საქართველო მზად არის ნებისმიერ განხილვაში, ნებისმიერ დისკუსიაში და ზოგადად ევროკავშირთან დიალოგში ჩაერთოს იმ შესაბამის დონეზე, რა დონეზეც იმართება შეხვედრები“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს იზოლირებულად წარმოჩენის მიზნით, სხვადასხვა ინსტრუმენტი გამოიყენება.
„მე გავიხსენებ პრემიერ-მინისტრის ინტერვიუს „ევრონიუსთან“, სადაც ჟურნალისტს წამოსცდა, რომ ფოტოს გადაღებაც ყოფილა, თურმე, ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენებოდა საქართველოსთან მიმართებით. ჩვენ ეს ვიცით, არაერთი შეხვედრა ყოფილა ჩვენს კოლეგებთან ფოტოების გარეშე. ღიმილის მომგვრელია, უბრალოდ, ამგვარი ინსტრუმენტების გამოყენება: მოსაწვევების, ფოტოების გადაღების. ეს უბრალოდ არასერიოზულია“, - აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მაკა ბოჭორიშვილის შეფასებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ურთიერთობები ეფუძნებოდეს ურთიერთპატივისცემას, ღირსეულ პარტნიორობასა და ქვეყნის რეპუტაციისა და ღირსების დაცვას.
„საქართველოს სჭირდება ღირსეული პარტნიორები, ღირსეული პარტნიორობა და, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ დისკუსიაში, ნებისმიერ დიალოგის ფორმატში ევროკავშირთან ჩავერთოთ იმგვარად, რომ არ დაზიანდეს არც ქვეყნის რეპუტაცია და არც ჩვენი ღირსება“, - დასძინა საქართველოს ვიცე-პრემიერმა.