Loading data...
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო არის გზაჯვარედინზე და ეს გზაჯვარედინი არ არის მხოლოდ გეოგრაფიული გადაკვეთის წერტილი - სხვადასხვა მიმართულებით საქართველომ უნდა განავითაროს ურთიერთობები, საქართველოს სჭირდება პარტნიორობები სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალთან, სხვადასხვა სისტემასთან და ქვეყანასთან

„საქართველო არის გზაჯვარედინზე და ეს გზაჯვარედინი არ არის მხოლოდ გეოგრაფიული გადაკვეთის წერტილი. ჩვენ კარგად უნდა გავაცნობიეროთ ეს რა გზაჯვარედინია“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველომ სხვადასხვა მიმართულებით უნდა განავითაროს ურთიერთობები, საქართველოს სჭირდება პარტნიორობები სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალთან, სხვადასხვა სისტემებთან და ქვეყნებთან.

„დღეს აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ დამთავრდა უნიპოლარული მსოფლიოს დრო, დღეს მსოფლიო აღარ არის ერთწერტილოვანი, უნიპოლარული და საქმე გვაქვს მულტიპოლარულ მსოფლიოსთან.

თუკი მსოფლიო არის მულტიპოლარული დიპლომატიაც უნდა იყოს მულტივექტორული, მით უმეტეს ისეთი ქვეყნისთვის, როგორც არის საქართველო, რომელსაც აქვს გამოკვეთილი გეოგრაფიული მდებარეობა დაკავშირებადობის კუთხით. საქართველო არის გზაჯვარედინზე და ეს გზაჯვარედინი არ არის მხოლოდ გეოგრაფიული გადაკვეთის წერტილი. ჩვენ კარგად უნდა გავაცნობიეროთ ეს რა გზაჯვარედინია.

სწორედ აქ იკვეთება ძალიან ბევრი ინტერესი, ბევრი განსხვავებული პოლიტიკური მიმართულება და ეს ჩვენგან მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს, შორსმხედველობასა და პრაგმატულობასაც, რაც აისახება მულტივექტორულ დიპლომატიაში, რაც ნიშნავს, რომ სხვადასხვა მიმართულებით საქართველომ უნდა განავითაროს ურთიერთობები, საქართველოს სჭირდება პარტნიორობები სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალთან, სხვადასხვა სისტემებთან და ქვეყნებთან. ეს უნდა მოხმარდეს საქართველოს მთავარი ფუნქციის, რაც დღეს აქვს შუა დერეფნის კონტექსტში, სწორედ ამის განვითარებას. ამაზე მხოლოდ ჩვენ არ ვსაუბრობთ, ამაზე საუბრობს ძალიან ბევრი, მათ შორის დიდი მოთამაშეები, თუ რაოდენ საჭიროა კავშირების გაღრმავება. თუმცა გარკვეული კრიტიკის ქარცეცხლში მხოლოდ საქართველო ეხვევა, როდესაც ის საგარეო პოლიტიკურ ნაბიჯებს დგამს.

საქართველო ამას არც უნდა შეუშინდეს. ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს, ვიცით რა გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს უკეთ განვითარებული, უკეთ შეასრულოს ის როლი, რა როლიც აქვს დღეს შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში. ამას სჭირდება კავშირების გაძლიერება სხვადასხვა მიმართულებით. ეს არამც და არამც არ ნიშნავს პარტნიორების ჩანაცვლებას, ეს არ არის ის, რაც ჩვენ გვამოძრავებს. პირიქით, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, როგორ უნდა განვავითაროთ უფრო მეტად პარტნიორობა, იმ მიმართულებით, სადაც ამის პოტენციალი არის“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.