Loading data...
მაკა ბოჭორიშვილი: ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაარღვია ყველანაირი საერთაშორისო ნორმა და წესი, რაც მოქმედებს, როდესაც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელი სტუმრობს ნებისმიერ მონაწილე ქვეყანას, გაგზავნილ იქნა ნოტა ეუთოს ყველა მონაწილე ქვეყანასთან, 57-დან 10-მა მონაწილე ქვეყანამ გაამართლა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ქმედება

„ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაარღვია ყველანაირი საერთაშორისო ნორმა და წესი, რაც მოქმედებს ამ შემთხვევაში, როდესაც თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელი სტუმრობს ნებისმიერ მონაწილე ქვეყანას ეუთოს ფარგლებში“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ იმოქმედა იმ ჩარჩოებში, რა ჩარჩოებში მოქმედების შესაძლებლობასაც იძლევა საერთაშორისო წესები.

„ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში იმყოფებოდა კონკრეტული მანდატით და ეს კონკრეტული მანდატი იყო ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი, ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის ვიზიტი, რაც ყოველწლიურად ხორციელდება საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ მის ვიზიტს, ფაქტობრივად თავმჯდომარეობის დასასრულს, არანაირი ფასი არ ჰქონდა საქართველოსთვის, მას ფასი ექნებოდა ნამდვილად, თუ ჩამოვიდოდა საქართველოში იანვარში, თებერვალში, მარტში, წლის დასაწყისში, როდესაც ფინეთის თავმჯდომარეობის დღის წესრიგი ჯერ კიდევ წინ იყო.

ამას ექნებოდა აზრი. როდესაც წლის ბოლო, მაშინ, როცა 1.5 თვე გაქვს დარჩენილი თავმჯდომარეობის, რამდენად აზრიანია ეს ვიზიტი, კითხვის ნიშანი შეიძლება დავსვათ. მიუხედავად ამისა, საქართველოს პოზიციიდან გამომდინარე, ჩვენი საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის პრინციპებიდან გამომდინარე, ჩვენ ხელი არ შეგვიშლია ამ ვიზიტის განხორციელებაში, პირიქით, ხელი შევუწყვეთ ამ ვიზიტის განხორციელებას და ქალბატონი ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს სამხრეთ კავკასიის ტურის ფარგლებში ეწვია, როგორც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა.

რეალურად, მან დაარღვია ყველანაირი საერთაშორისო ნორმა და წესი, რაც მოქმედებს ამ შემთხვევაში, როდესაც თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელი სტუმრობს ნებისმიერ მონაწილე ქვეყანას ეუთოს ფარგლებში. ვფიქრობ, კარგად გამოჩნდა, 57 ქვეყანაა მონაწილე ქვეყანა, ჩვენი რეაქცია იყო დიპლომატიის ჩარჩოებში. ჩვენ არ დაგვიწყია კომენტარების გაკეთება ქუჩიდან და ვიდეოების ატვირთვა X პლატფორმაზე.

ჩვენ ვიმოქმედეთ იმ ჩარჩოებში, რა ჩარჩოებში მოქმედების შესაძლებლობასაც იძლევა საერთაშორისო წესები. გაგზავნილი იქნა, ნოტა, რომელიც მიიღო ეუთოს ყველა მონაწილე ქვეყანამ. ამ ნოტას ჰქონდა გამოხმაურება და ეს გამოხმაურება ნიშანდობლივია. 57 ქვეყნიდან 10-მა მონაწილე ქვეყანამ აუბა მხარი და გაამართლა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ქმედება, ასე ვთქვათ, შეაგულიანა, თუ მხარი დაუჭირა. ესეც რაღაცას ნიშნავს, 57 ქვეყნიდან 10 ქვეყანა გიჭერს მხარს შენს საქციელში, ალბათ რაღაცაზე უნდა დავფიქრდეთ“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.