Loading data...
მაკა ბოჭორიშვილი „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მონაწილეობს

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მონაწილეობს.

ფორუმის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო მაღალი დონის მრგვალი მაგიდის დისკუსიაში თემაზე: „ბავშვები უპირველეს ყოვლისა: ბავშვებში ინვესტირების აუცილებლობა“.

მინისტრმა ისაუბრა საქართველოს გამოცდილებაზე და აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია დღემდე მძიმე გავლენას ახდენს ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ბავშვების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვაზე, რაც საფრთხეს უქმნის ბავშვების იდენტობის შენარჩუნებასა და საკუთარ ქვეყანასთან მათი კავშირის განმტკიცებას.

„რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციის შედეგები დღემდე აისახება ბავშვების ცხოვრებაზე, რომელთა ფუნდამენტური უფლებების სერიოზული შეზღუდვა კვლავაც მათი ყოველდღიური რეალობის განუყოფელი ნაწილია“, - აღნიშნა მინისტრმა.

გამოსვლისას ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა მშვიდობის მნიშვნელობაზე საქართველოსთვის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში კონფლიქტის თავიდან აცილება და მშვიდობის შენარჩუნება ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ პრიორიტეტად რჩება.

ამასთან, მან ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისა და ახალგაზრდების წინაშე არსებულ გამოწვევებზე და აღნიშნა მოუგვარებელი კონფლიქტების უარყოფითი გავლენა მათ ყოველდღიურ ცხოვრებასა და სამომავლო შესაძლებლობებზე.

ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე დაესწრება საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ ელისეს სასახლეში გამართულ ოფიციალურ მიღებას.

„პარიზის მშვიდობის ფორუმი“ 2018 წელს დაარსდა და წელს მეცხრედ იმართება.

ფორუმის მიზანია საერთაშორისო დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხების განხილვა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების გზებსა და შესაძლებლობებზე მსჯელობა. ღონისძიებაში მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ინსტიტუტების მაღალი რანგის წარმომადგენლები.