Loading data...
მაკა ბოჭორიშვილი: ყველამ ძალიან კარგად დაინახა, რომ უვიზო მიმოსვლის გაუქმება და ამით შანტაჟი უსაფუძვლოა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ყველამ ძალიან კარგად დაინახა, რომ უვიზო მიმოსვლის გაუქმება და ამით შანტაჟი უსაფუძვლოა.

როგორც მაკა ბოჭორიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა, ცხადად გამოჩნდა, რომ ევროკავშირში არ არის მზაობა იმისა, რომ ასე ერთი ხელის მოსმით, უვიზო მიმოსვლა იქცეს პოლიტიკის კეთების ინსტრუმენტად.

„დღეს კიდევ ერთხელ იყო განხილვა საქართველოს საკითხის. ლუქსემბურგში შეკრებილმა საქარეო საქმეთა მინისტრებმა იმსჯელეს და კიდევ ერთხელ მოვისმინეთ სავიზო რეჟიმთან დაკავშირებული საკითხების დაკავშირება როგორ ხდება საქართველოსთან მიმართებით. კიდევ ერთხელ ვნახეთ თუ როგორ ცდილობენ გარკვეული შანტაჟის ენა გამოიყენონ საქართველოსთან დაკავშირებით და მოახდინონ უვიზო მიმოსვლის პოლიტიკის ინსტრუმენტალიზაცია საქართველოსთან მიმართებით.

რეალურად ხდება ის, რომ ყველამ ძალიან კარგად დაინახა, რომ ის მიმართულება, რასაც ჰქვია უვიზო მიმოსვლის გაუქმება და ამით შანტაჟი უსაფუძვლოა. შეუძლებელია ამ გზით სიარული საქართველოსთან მიმართებით და ზოგადად, ყველასთან მიმართებით. ეს ხომ არ იქნება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსთან დაკავშირებით, რაღაც პოლიტიკის ინსტრუმენტად ეს უნდა გამოიყენონ.

შესაბამისად, ახლა ხდება გარკვეული გზების ძიება, თუ როგორ უნდა აიცილონ თავიდან ის, რასაც ევროკავშირის შიგნიდან ერთმნიშვნელოვნად არ აქვს მხარდაჭერა, ამ შემთხვევაში ვსაუბრობ უვიზო მიმოსვლის გაუქმებაზე.

ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ იდეას არ ჰყავს საკმარისი მხარდამჭერი, რაც სჭირდება ამის განხორციელებას. საქართველოს ოპოზიციაში ჩამდგარი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებიც კი საუბრობდნენ რამდენიმე თვის წინ იმაზე, რომ ადამიანებთან, მოქალაქეებთან დაკავშირებით ჩვენ არ შეიძლება ეს პოლიტიკა გვქონდეს, რაც ნამდვილად გზავნილი იყო და ცხადად გამოჩნდა, რომ ევროკავშირში არ არის მზაობა იმისა, რომ ერთი ხელის მოსმით, უვიზო მიმოსვლა იქცეს პოლიტიკის კეთების ინსტრუმენტად. თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ გარკვეული გზების ძიება კვლავ გრძელდება, რათა გარკვეულწილად ამ საკითხის ზეწოლის მექანიზმად გამოყენება მოხდეს. ეს უკვე კარგად გამოიყენეს 2010 წელს მოწერილი შეთანხმების შეჩერებით, საუბარი ეხება დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს. კონკრეტული კატეგორიის ადამიანებისთვის, რეალურად შემოღებული იქნა სავიზო რეჟიმი. დიპლომატიური პასპორტების მფლობელები ძალიან ბევრნი ვართ.

მე გამიჭირდება კაია კალასის ნაცვლად ამ ჯგუფებზე ვისაუბრო, ჩემთვის გაუგებარია რა ჯგუფები შეიძლება იყვნენ ესენი. მეორე, ის დიპლომატიური პასპორტებიც კი აცდენილი იყო ყველანაირ სამართლებრივ საფუძვლებს, რა ფორმითაც მოხდა ამ რეჟიმის ამოქმედება. ოდესღაც ამაზე საუბრის შესაძლებლობა ჩვენ აუცილებლად გვექნება, სამართლებრივად სრულიად გაუმართავი გადაწყვეტილებაა. თუმცა, პოლიტიკურ ჭრილში თუ შევხედავთ, ეს არსებობს. ჰქონდა თუ არა მას საფუძველი და გამართლებულია თუ არა, ეს არსებობს და დიპლომატიური პასპორტების მფლობელები ევროკავშირის რიგ ქვეყნებში სამოგზაუროდ იღებენ ვიზას. ამით ქვეყანა არ დაქცეულა და ისეთ არაფერი ისეთი არ მომხდარა“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.