მაკა ბოჭორიშვილი: იმაზე, რაც ხდება ქვეყანაში, ერთადერთი პასუხისმგებელი ვინც შეიძლება იყოს, ეს არის ხელისუფლება და სწორედ ამიტომაც ვიცავთ ასე გამალებით ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას, მშვიდობას და დემოკრატიულ განვითარებას

„ძალიან რთულია ისაუბრო ამ ადამიანების პასუხისმგებლობაზე. ჩვენს ქვეყანაში პასუხისმგებლობა გვეკისრება ჩვენ, ქართველ ხალხს და ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას. ამ ხალხს ვერანაირი პასუხისმგებლობა ვერ ექნება საქართველოსთან დაკავშირებით“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა უცხოელი პოლიტიკოსების მხრიდან ძალადობრივი აქციის მხარდაჭერაზე საუბრისას.
„საყურადღებოა, რას ახალისებენ ისინი საქართველოში ასეთი განცხადებებით და სად დგანან დემოკრატიის სახელით მოსაუბრე პოლიტიკოსები, რაში სჭირდებათ ეს? რატომ არის საჭირო საქართველოში არეულობის, ასეთი არადემოკრატიული პროცესების წახალისება? საბოლოო ჯამში იმაზე, რაც ხდება ქვეყანაში, ერთადერთი პასუხისმგებელი ვინც შეიძლება, იყოს, ეს არის ხელისუფლება და სწორედ ამიტომაც ვიცავთ ასე გამალებით ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას, მშვიდობას და დემოკრატიულ განვითარებას.
ჩვენ რაც ვნახეთ ბოლო 4-5 წლის განმავლობაში, სააშკარაოზე გამოვიდა ქართული პოლიტიკური სპექტრის - ოპოზიციის რეალური სახე მაშინ, როდესაც არჩეული პოლიტიკოსი უარს აცხადებს პარლამენტში შესვლაზე, ეს წარმოუდგენელი რამ არის, ის უარს აცხადებს დემოკრატიაზე, დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი. ეს არის ხალხი, რომლებსაც პოლიტიკოსები ჰქვიათ ჩვენს ქვეყანაში, რომელიც დემოკრატიის წინააღმდეგ მიდის. მათ არ სურთ დემოკრატია. სხვანაირად დემოკრატიულ ქვეყანაში არ ხდება პოლიტიკური პროცესები.
რამდენიმე განცხადებაში იყო თითქოსდა მოწოდებები დიალოგისკენ. დიალოგი და საუბარი დემოკრატიულ ქვეყანაში ხდება პარლამენტში. პარლამენტი არის ის ადგილი, სადაც პოზიცია და ოპოზიცია იკავებს ადგილს და მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესი; სადაც ხელისუფლება ახორციელებს იმ საქმეს, რასაც ახორციელებს და ოპოზიცია არის იმისთვის, რომ თავისი წვლილი შეიტანოს და იხმაუროს, ოღონდ იხმაუროს სწორედ პარლამენტის ფარგლებში და არა ქუჩაში. ქუჩაში ვერანაირად ვერ მოხდება დემოკრატიულ ქვეყანაში ის დიალოგი, რაზეც არის გარკვეული მცდელობები, რომ მიუთითონ თითქოს, რაღაც უნდა გავაკეთოთ ჩვენ“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.