„ჰამასი“ მძევლებს ხვალ, 13 ოქტომბერს გაათავისუფლებს - CNN

ისრაელის პრემიერის პრესსპიკერმა შოშ ბედროსიანმა განაცხადა, რომ ისრაელელი მძევლების გათავისუფლება 13 ოქტომბერს, დილით დაიწყება. მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ 20-ვე გადარჩენილი მძევალი, რომელიც 2023 წლის 7 ოქტომბერს ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ გაიტაცა, ერთდროულად გათავისუფლდება. ამის შემდეგ, ხელისუფლება მზად იქნება მიიღოს ტყვეობაში დაღუპული 28 მძევლის ცხედარი.
მძევლების მიღების მზადყოფნის შესახებ განცხადებები ისრაელის პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა გააკეთეს.
შეთანხმების შემდეგი ეტაპი ისრაელში მყოფი პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებას ითვალისწინებს.
სააგენტო AFP „ჰამასზე“ დაყრდნობით, ასევე იუწყება, რომ ისრაელელი მძევლების გათავისუფლება ორშაბათს, 13 ოქტომბერს, დილით ადრე დაიწყება. სააგენტოს ცნობით, 20 ცოცხალი და 27 დაღუპული მძევლის გარდა, ისრაელს ასევე, გადაეცემა 2014 წელს მოკლული ჯარისკაცის ნეშტი. ამის სანაცვლოდ, ისრაელის ციხეებიდან თითქმის 2000 პალესტინელი პატიმარი უნდა გათავისუფლდეს.