Loading data...
მაკა ბოჭორიშვილი ჰერჩინსკიზე: არაფერია გასაკვირი - ის არის ელჩი, წარმოადგენს ევროკავშირს საქართველოში და მისმა ხელმძღვანელობამ გააკეთა ის განცხადება, რაც გააკეთა და ბუნებრივია, ის გაიმეორებდა ამ განცხადებას

„არაფერია გასაკვირი - ის არის ელჩი, წარმოადგენს ევროკავშირს საქართველოში და მისმა ხელმძღვანელობამ გააკეთა ის განცხადება, რაც გააკეთა და ბუნებრივია, ის გაიმეორებდა ამ განცხადებას“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა პაველ ჰერჩინსკიზე საუბრისას.

მინისტრმა საგარეო საქმეთა სამინისტროში ახლახან დიპლომატებისთვის გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

„ზოგადად ასეთი ტიპის შეხვედრები კარგია, მომწონს და ხშირად იქნება საგარეო საქმეთა სამინისტროში, როდესაც ჩვენ გვენდომება და გვსურს ინფორმაცია მივაწოდოთ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს საქართველოში მიმდინარე პროცესებთან და აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით.

ეს იყო მომენტი, დრო, როდესაც საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ დიპლომატებს უნდა ჰქონოდათ ინფორმაცია, თუ რასთან გვქონდა საქმე 4 ოქტომბერს; თუ როგორ ჩატარდა არჩევნები, სწორედ ამაზე იყო საუბარი ამ შეხვედრაზე. მონაცემები, რაც შეიძლება საჯაროა, მაგრამ ერთია, დიპლომატებს ჩვენ მივაწოდოთ ჩვენი მხრიდან ეს ინფორმაცია და მოვლენები, რომელიც თბილისში განვითარდა. მათ შორის, ასევე საუბარი გვქონდა გამოხმაურებებზეც და ჩვენ ჩვენი პოზიცია გავაჟღერეთ“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, ევროკავშირის ელჩის მხრიდან, შეხვედრის ფარგლებში, ინტერაქცია არ ყოფილა. მან ისაუბრა ელჩის მიერ შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ კომენტარზეც.

„ჩვენ ვნახეთ კომენტარი, რომელიც არ გამკვირვებია. არაფერია გასაკვირი - ის არის ელჩი, წარმოადგენს ევროკავშირს საქართველოში და მისმა ხელმძღვანელობამ გააკეთა ის განცხადება, რაც გააკეთა და ბუნებრივია, ის გაიმეორებდა ამ განცხადებას. ამაში გასაკვირი არაფერია“, - აღნიშნა მინისტრმა.

ცნობისთვის, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ „ევროკავშირის მიერ არჩევნების და არჩევნების შემდგომი ვითარების შეფასება ძალიან მკაფიოდ არის უმაღლესი წარმომადგენლის, ვიცე-პრეზიდენტ კაია კალასის და კომისარ კოსის ოფიციალურ განცხადებაში“.

საქართველო ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატებისგან სამართლიან და ობიექტურ შეფასებას ითხოვს. ამ მიზნით საგარეო საქმეთა სამინისტროში 7 ოქტომბერს ელჩებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის თემა იყო თვითმმართველობის არჩევნები და 4 ოქტომბერს ქუჩაში განვითარებული მოვლენები. შეხვედრაზე გერმანიის ელჩი არ მივიდა.