მაკა ბოჭორიშვილი ჰერჩინსკიზე: არ გვჭირდება საზოგადოების პოლარიზების და რადიკალური დღის წესრიგის წახალისება, არ გვჭირდება არც ბნელი წარსული და არც მსგავსი მუქარა
„როგორი განმარტებაც არ უნდა მოვისმინოთ, ფაქტები და ქმედებები ფაქტებად და ქმედებებად რჩება. სურათი, რომელსაც ვხედავთ, მიუღებელია“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირის ელჩთან, პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება ყველაზე კარგად გრძნობს, რომელი გზის გასაყარზე დგას საქართველო და რამდენად არ გვჭირდება არც ბნელი წარსული და არც მსგავსი მუქარები.
„ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში. შესაბამისად, ხელისუფლებამ ყველაზე კარგად იცის და ყველაზე კარგად გრძნობს, რომელი გზის გასაყართან დგას საქართველო. რამდენად სჭირდება საქართველოს უსაფრთხოებას გაფრთხილება და რამდენად გვჭირდება სტაბილურობა. რამდენად არ გვჭირდება ამ საზოგადოების პოლარიზების და რადიკალური დღის წესრიგის წახალისება. ასევე, არ გვჭირდება არც ბნელი წარსული და არც მსგავსი მუქარები.
ის განცხადებები, ქმედებები, ნაბიჯები, რომელიც ბრიუსელის მხრიდან იდგმება, ის დამოკიდებულება, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით ვხედავთ, არის მიუღებელი და მიმართულია ამ საზოგადოებაში პოლარიზაციისკენ. მიუღებელია ყველაფერი ის, რაც ჩვენს საზოგადოებაში აღვივებს პოლარიზებას და მიუღებელია რადიკალური დღის წესრიგის წახალისება.
როგორი განმარტებაც არ უნდა მოვისმინოთ, ფაქტები და ქმედებები ფაქტებად და ქმედებებად რჩება. სურათი, რომელსაც ვხედავთ - არის მიუღებელი. მოველით, რომ ბრიუსელის მხრიდან იქნება ის დამოკიდებულება, რასაც იმსახურებს საქართველო - კეთილსინდისიერ ურთიერთობაში“, - აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი.