მაკა ბოჭორიშვილი: განსაკუთრებული ძალისხმევა დაიხარჯა ევროპელ პარტნიორებთან იმ მიმართულებით, რომ საქართველო გარიყულიყო როგორც ევროპული, ისე ამერიკული დღის წესრიგიდან
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა „იმედის კვირისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებზე, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის დინამიკასა და მიმდინარე გამოწვევებზე ისაუბრა.
მინისტრის განცხადებით, ვაშინგტონში უკვე გაიმართა განხილვები საქართველოსთან დაკავშირებით და იგეგმება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ორმხრივი ურთიერთობების გადახედვის მიზნით.
„მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით უკვე იყო საუბარი სახელმწიფო დეპარტამენტში და იგეგმება გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, იმისათვის, რომ გადაიხედოს ის მდგომარეობა და ის მემკვიდრეობა, რაც დღეს არის საქართველო-ამერიკის ურთიერთობებთან დაკავშირებით აშშ-ის ახალ ადმინისტრაციაში“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრის შეფასებით, ბოლო პერიოდში საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულმა მიზანმიმართულმა კამპანიებმა ქვეყნის საერთაშორისო პოზიციონირებაზე გარკვეული გავლენა იქონია, რაც პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობების დინამიკაზეც აისახა.
„ჩვენ ვერ ვიქნებით ისეთი გულუბრყვილო, რომ ვიფიქროთ, თითქოს ის ძალისხმევა, რაც დაიხარჯა საქართველოს დისკრედიტაციაზე, უშედეგო იყო. რა თქმა უნდა, ამას ჰქონდა გარკვეული შედეგები. ჩვენ ვხედავთ ურთიერთობების გაციებას ჩვენს პარტნიორებთან, რაც სწორედ ამ ძალების ძალისხმევის შედეგია. განსაკუთრებული ძალისხმევა დაიხარჯა ევროპელ პარტნიორებთან იმ მიმართულებით, რომ საქართველო გარიყულიყო როგორც ევროპული, ისე ამერიკული დღის წესრიგიდან“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.