Loading data...
მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირთან ურთიერთობები თუ შეიძლება შეფასდეს, რომ ჩიხშია შესული, ამის ერთადერთი მიზეზი არის დამოკიდებულება, რომელსაც ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან ვხედავთ

ევროკავშირთან ურთიერთობები თუ შეიძლება შეფასდეს ისე, რომ ჩიხშია შესული, ამას აქვს ერთადერთი მიზეზი. ეს მიზეზი არის ის დამოკიდებულება, რომელსაც ვხედავთ ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, უნდა შეიცვალოს დამოკიდებულება.

„პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვნახოთ პატივისცემაზე დაფუძნებული დამოკიდებულება სწორედ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ. „ქართული ოცნების“ პოლიტიკაზე დამოკიდებულია ის, რომ ქვეყანას ჰქონდეს სტაბილური და მშვიდი განვითარების შესაძლებლობა.

ეს არის ის, რასაც აკეთებს საქართველოს ხელისუფლება, ვინაიდან ჩვენ ვფიქრობთ, რომ სწორედ ეს არის მთავარი საფუძველი, რაზეც შეიძლება დაშენდეს ​ევროკავშირში ჩვენი ინტეგრაცია. „ქართული ოცნება“ ანტიდემოკრატიულს არაფერს აკეთებს.

ანტიდემოკრატიულს თუ ვინმე აკეთებს, აკეთებს ის, ვინც არ შევიდა პარლამენტში, უარი უთხრა ხალხის ხმას და ყველა ის, ვინც ქუჩაში პოლიტიკური პროცესების წარმართვას ახალისებს. ეს არის ანტიდემოკრატიული“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ამასთან, ჟურნალისტებმა ბოჭორიშვილს კითხვა დაუსვეს „ოპოზიციის ალიანსისა“ და ბრიტანეთის ელჩის, გარეთ უორდის შეხვედრასთან დაკავშირებით, სადაც „ალიანსის წევრებმა თქვეს, რომ ისაუბრეს პერსონალურ სანქციებზე, რომლებიც უნდა დაუწესდეთ ხელისუფლების წარმომადგენლებს“.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, „ოპოზიციური ალიანსების დღის წესრიგი არის დესტრუქციული, რადიკალური და ისინი პარტნიორებს ეძებენ ქვეყნის გარეთ“.

„დღის წესრიგი არის გასაგები. ოპოზიციური ალიანსების დღის წესრიგი არის დესტრუქციული, რადიკალური და, შესაბამისად, პარტნიორებს ისინი ეძებენ ქვეყნის გარეთ. ოპოზიციას არასდროს უძებნია პარტნიორი ქვეყნის შიგნით და ქართველ ხალხში. ისინი პარტნიორებს ეძებენ ქვეყნის გარეთ – სად მოხდება მათი ინტერესების თანხვედრა, რომ დააზიანონ საქართველოს ხელისუფლება, ქვეყნის ინტერესები. ამის გამოხატულებაა ეს ყველაფერი“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.