Loading data...
მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობას საქართველოსთან დიალოგი სურს, ბრიუსელი კი ამ დაკვეთას არ ასრულებს

„ევროკავშირის წევრი ქვეყნების, დიდი უმრავლესობის მხრიდან არის ცალსახა პოზიცია საქართველოსთან დიალოგის საჭიროების თაობაზე. ჩვენ ძალიან ხშირად ვხვდებით კოლეგებს, მინისტრებს არა მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან და ვიცით, რა პოზიციები არის ამა თუ იმ დედაქალაქში საქართველოსთან მიმართები“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

მან დაკავშირებადობის სამიტზე საქართველოს ელჩის დონეზე მიწვევის ფაქტი შეაფასა.

მისივე თქმით, საქართველოს შეხვედრებზე მიწვევის საკითხი ევროკავშირის მხრიდან გარკვეული სპეკულაციებისთვის სივრცის შესაქმნელად გამოიყენება.

ბოჭორიშვილის განმარტებით, აღნიშნული მათთვის მიუღებელია.

„არაერთხელ გვითქვამს, რომ ევროკავშირთან ურთიერთობები არ არის სპეკულაციების საკითხი და საგანი და ის საკითხები, რაც დგას დღის წესრიგში და პარტნიორებს შორის უნდა იდგეს, უნდა იყოს სერიოზულად განხილული და არასერიოზულია ნამდვილად, როდესაც შეხვედრაზე ერთი მხრივ, ვითომ ხდება, დაპატიჟება თუ მოწვევა ქვეყნის და მეორე მხრივ, მოწვევა ხდება იმგვარად, რომ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიიღოს იმ ადამიანებმა, ან იმ დონეზე არ იყოს შეხვედრაში მონაწილეობა, რა დონეზედაც შეხვედრა იმართება.

ერთი მხრივ, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რატომ ხდება ასე - საერთოდ რატომ ხდება მოსაწვევის გამოგზავნა ამ შემთხვევაში, თუკი მათ არ სურთ საქართველოს მონაწილეობა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების, დიდი უმრავლესობის მხრიდან არის ცალსახა პოზიცია საქართველოსთან დიალოგის საჭიროების თაობაზე.

ჩვენ ძალიან ხშირად ვხვდებით კოლეგებს, მინისტრებს არა მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან და ვიცით, რა პოზიციები არის ამა თუ იმ დედაქალაქში საქართველოსთან მიმართები და საქართველოს ჩართულობასთან დაკავშირებით - საქართველოს მნიშვნელობაზე და ზოგადად, დიალოგის საჭიროებაზე. როდესაც ვხედავთ ბრიუსელის მხრიდან რამდენად სრულდება თუ არ სრულდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების დაკვეთა, ესეც ბევრზე მეტყველებს, თუ რამდენად მოქმედებს ხშირ შემთხვევაში ბრიუსელის ბიუროკრატია თავად ევროკავშირის ინტერესებში“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.