მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირის ელჩის განცხადება აღქმული იყო როგორც პირდაპირი მუქარა, რაზეც სრულიად სამართლიანი შეშფოთება გამოიხატა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან
ჩვენ ვიხილეთ განცხადება, რომელიც ევროკავშირის მისიამ გაავრცელა ევროკავშირის ელჩთან, პაველ ჰერჩინსკისთან ჩემი შეხვედრის შემდეგ. მასში ბევრი არაფერი წერია ახსნა-განმარტებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას განაცხადა.
ბოჭორიშვილის თქმით, პაველ ჰერჩინსკის განცხადება საზოგადოების, პოლიტიკური წრეების მხრიდან აღქმული იყო როგორც პირდაპირი მუქარა, რაზეც სრულიად სამართლიანი შეშფოთება გამოიხატა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან.
„კიდევ ერთხელ არის გაცხადებული, რომ ევროკავშირი თურმე მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისკენ სწრაფვას, რაც, ცხადია, გასაგებია. თუმცა, მეორე მხრივ, ბრიუსელიდან გადადგმული ნაბიჯები და განცხადებები, მათ შორის ისიც, რომ თავად ევროკავშირის ელჩი იყო აღნიშნული ღონისძიების მონაწილე, იწვევს შეშფოთებას. ეს იწვევს სამართლიან შეშფოთებას როგორც საქართველოს ხელისუფლების, ისე ქართული საზოგადოების მხრიდან.
ჩვენ ის საზოგადოება ვართ, რომელსაც კარგად გვახსოვს, საიდან მოვდივართ და სად მივდივართ. ამიტომ ასეთი განცხადებები ჩვენი საზოგადოების, პოლიტიკური წრეების მხრიდან აღქმული იყო როგორც პირდაპირი მუქარა, რაზეც სრულიად სამართლიანი შეშფოთება გამოიხატა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით, დღეს უკვე კარგად ჩანს, რა მიზნებს ემსახურება ზოგიერთი ელჩის აქტიურობა და ჩართულობა ქართულ პოლიტიკურ პროცესებში.
„ერთია განცხადებები და მეორე ის, როგორ გამოიყენება ეს განცხადებები. დღეს ხშირად გვესმის ბრალდებები, თითქოს ქართულ პოლიტიკურ ელიტას აქვს ანტიევროპული რიტორიკა და ეს არის შემაშფოთებელი. ძალიან ხშირად სწორედ რიტორიკაზე აპელირებენ მაშინ, როდესაც საუბარია იმ გარემოებებზე, რომლებიც ერთგვარად აფერხებს დიალოგს საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ასეთი ბრალდებები ცინიკურია მაშინ, როდესაც ვხედავთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და რომლებიც იდგმება კონკრეტული აქტორების, მათ შორის ბრიუსელის ბიუროკრატიის წარმომადგენლების მხრიდან. ამ ფონზე ჩვენი სამართლიანი რეაგირება შეფუთულია, თითქოს ჩვენ ანტიევროპული რიტორიკით ვართ.
ამის განმარტება შეუძლებელია. ნაკლებად მნიშვნელოვანია, რა განცხადება გაკეთდა, მნიშვნელოვანია ის ქმედებები და ნაბიჯები, რასაც ბრიუსელი დემონსტრაციულად დგამს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. საქართველოს ხელისუფლება ხალხის მიერ არის არჩეული და ვინმე თუ აცხადებს, რომ მხარს უჭერს ქართველ ხალხს და მის მისწრაფებებს, ამის დადასტურება იქნებოდა ხელისუფლებასთან თანამშრომლობა, საქართველოს ინტერესების შესაბამისად. დღეს სწორედ არჩეული ხელისუფლება გამოხატავს ქართველი ხალხის ინტერესებს, ამიტომ, თუ საუბარია ჩვენი ინტერესების დაცვაზე, თუ ვინმეს ადარდებს ჩვენი ინტერესები, პირველ რიგში, სწორედ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან უნდა ითანამშრომლოს“, - აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი.
მისივე თქმით, ხშირად ისმის საუბარი დემოკრატიულ უკუსვლაზე, თუმცა არავინ გამოხატავს შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან დემოკრატიის ფუნდამენტურ წესებს.
„ვხედავთ არა მხოლოდ განცხადებებს, არამედ ნაბიჯებსაც, რომლებიც იდგმება, რათა წახალისებული იყოს საქართველოში ხელისუფლების წინააღმდეგ ნაბიჯები, იმ ძალების, რომლებსაც რადიკალური დღის წესრიგი აქვთ. ამასთან, ხშირად ისმის საუბარი დემოკრატიულ უკუსვლაზე, თუმცა არავინ გამოხატავს შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც უარს ამბობენ არჩევნებში მონაწილეობაზე, არ აღიარებენ შედეგებს და ეწინააღმდეგებიან დემოკრატიის ფუნდამენტურ წესებს.
ამ განცხადებების მიზანი ერთია – გამოიწვიოს ჩვენს საზოგადოებაში პოლარიზება, კიდევ უფრო მეტი დაძაბულობა, მეტი შიში. ევროკავშირის საელჩო ჩვენს საზოგადოებას აუწყებს, თითქოს საქართველოს ხელისუფლების მოქმედებები წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირში ინტეგრაციის კურსთან. ჩვენ ვამჩნევთ ტონის ცვლილებას არა მხოლოდ ევროკავშირის ელჩის, არამედ ბევრი ჩვენი პარტნიორის განცხადებებშიც. ეს გამოჩნდა საგარეო საქმეთა მინისტრების ბოლო შეხვედრაზეც – ტონი რადიკალურად განსხვავდება იმასთან შედარებით, რაც რამდენიმე თვის წინ გვესმოდა საქართველოსთან მიმართებით. ამას აქვს თავისი ახსნა – რა თქმა უნდა, არსებობს სურვილი და იმის აღქმა, რომ საქართველოსთან დიალოგი საჭიროა. ამასთან, ევროკავშირის დღევანდელი პოლიტიკა არის მცდარი და არის შესაცვლელი. კაია კალასმა აღნიშნა, რომ შეიძლება, დიალოგი იყოს პრიორიტეტული საქართველოსთან ურთიერთობებში. ასევე ნახსენები იყო ადამიანის უფლებების დიალოგი, რომელზეც რამდენიმე თვის წინ უკვე ვმუშაობდით, რათა დიალოგი შემდგარიყო“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით, რაც შეეხება ევროკავშირის ელჩის „დაბარებას“ ან „მოწვევას“, ეს არის ერთი და იგივე დიპლომატიური მექანიზმი.
„საგარეო საქმეთა სამინისტრო ელჩს იწვევს, რათა გააცნოს ქვეყნის პოზიცია. ამას როგორი ტემპერატურაც უნდათ, ისეთი შესძინონ, მაგრამ დიპლომატიური მექანიზმი არის ერთი – იწვევ/ბარებ ელჩს და აცნობ შენი ქვეყნის პოზიციას. ეს არის ის დიპლომატიური მექანიზმი, რომელსაც ხშირად ვიყენებთ. აღსანიშნავია, რომ საქართველოში არიან ელჩები, რომლებიც ყოველდღიურად თანამშრომლობენ საქართველოს ხელისუფლებასთან და აქტიურ კომუნიკაციაში არიან საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. ამავდროულად, არიან ელჩები, მათ შორის ევროპული ქვეყნებიდან, რომლებსაც დაავიწყდათ, სად არის სამინისტრო და არც თუ ისე ხშირად სტუმრობენ მას“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
კითხვაზე, „საგარეო უწყებაში დაბარებული იყვნენ გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ელჩებიც. რატომ ვერ ხდება თქვენი პოზიციების სისწორეში მათი დარწმუნება, რა არის ასეთი შეხვედრების მიზანი, რადგან როგორც წესი, რიტორიკა არ იცვლება ასეთი ტიპის კომუნიკაციის შემდეგ“, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა:
„ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რას გამოხატავს ელჩი. ელჩი არ არის მაინცდამაინც დამოუკიდებლად მოქმედი ფიგურა, ის ასრულებს დავალებას. არის განსხვავებები, როგორ შეასრულებ დავალებას, რა ენთუზიაზმით, როგორი ცუდიც არ უნდა იყოს ეს დავალება. რა თქმა უნდა, შეიძლება, სხვადასხვა ფორმით შესრულდეს ერთი და იგივე დავალება. ჩვენ ვხედავთ ელჩებს, რომლებიც განსაკუთრებული ენთუზიაზმით ასრულებდნენ დავალებებს. მათი დავალება, რომ ეს ურთიერთობები გაეფუჭებინათ საქართველოსთან, ფაქტია, რაღაც დოზით შესრულდა.
საზოგადოებამ კარგად იცის, ხშირად ვსაუბრობთ ამაზე, ხშირად ვხედავთ რომელიმე ელჩის კონკრეტულ ქმედებას და შემდგომ იმ სამართლიან რეაქციას, რომელიც მოჰყვება ხოლმე ქართველი პოლიტიკოსების და საზოგადოების მხრიდან. საქართველოს ხელისუფლება გამოხატავს საზოგადოების ინტერესს და აზრს. დღეს უკვე კარგად ჩანს, რა მიზნებს ემსახურება ზოგიერთი ელჩის ასეთი აქტიურობა და მათი ჩართულობა ქართულ პოლიტიკურ პროცესებში“.