მაკა ბოჭორიშვილი ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშზე: ექსპერტს დასკვნაში არ გამოუყენებია ინფორმაცია, რომელიც მას შეხვედრების დროს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიაწოდეს
საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკასთან“ ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშზე ისაუბრა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ექსპერტს საკუთარ დასკვნაში არ გამოუყენებია ინფორმაცია, რომელიც მას შეხვედრების დროს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიაწოდეს.
„მაშინ, როდესაც 23-მა მონაწილე ქვეყანამ დააყენა ეუთოს სახელით „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედების საკითხი, იმთავითვე გამოვთქვით ეჭვი, რომ ეს კონკრეტული ქვეყნების ვიწრო ინტერესებს ემსახურებოდა და ხდებოდა ორგანიზაციის გამოყენება ერთგვარად საქართველოს წინააღმდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ სრულად აჩვენა ღიაობა მაშინ, როდესაც ანგარიში მზადდებოდა, ანგარიშის მომზადების პროცესში ექსპერტი იმყოფებოდა საქართველოში, თუმცა მას არც შეხვედრების დროს მიღებული ინფორმაცია გამოუყენებია დასკვნების გასაკეთებლად და არც საკმაოდ დიდი მასალა, რომელიც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა წარუდგინეს“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ და „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონების გაუქმებას სთხოვენ.