მაკა ბოჭორიშვილი: დღეს ვერავინ იტყვის როდის და როგორ შეიძლება მოხდეს ევროკავშირის გაფართოება, ყველაფერი დამოკიდებულია პოლიტიკურ ნებაზე
„ძალიან ბევრი წელია გვესმის [ევროკავშირის] გაფართოების შესახებ საუბარი, თუმცა პრაქტიკული ნაბიჯები ამ დრომდე არ გვინახავს“, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი Live“ ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დღეს მსჯელობა სულ სხვა ფორმით ევროკავშირის გაფართოებაზეა, რაც საყურადღებოა.
„სულ უფრო ხშირად გვესმის ევროკავშირის წევრობა შეზღუდული უფლებებით და ხშირად განმარტებულიც არ არის რას ნიშნავს ეს შეზღუდული უფლებები. ჩვენ უფრო მეტად ვხედავთ ამ საკითხების მიმართ არასერიოზულ დამოკიდებულებას. ის გამოწვევები, რაც დღეს ევროპის წინაშე დგას არის სერიოზული და სერიოზული მუშაობა სჭირდება ამ გამოწვევებთან გამკლავებას. პირველ რიგში ეს არის უსაფრთხოების თემები. ომი, რომელიც არ დასრულებულა, რომელიც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის თავად ევროპას.
დღეს ვერავინ იტყვის როდის და როგორ შეიძლება მოხდეს ევროკავშირის გაფართოება. ჩვენ ბევრი თარიღები მოვისმინეთ ბოლო წლების განმავლობაში. ყველაფერი დამოკიდებულია პოლიტიკურ ნებაზე, თუ კი იქნება პოლიტიკური ნება, რომ ევროკავშირი გაფართოვდეს ყველაფერი მიღწევადია. ყველანაირი ბერკეტი არსებობს, არსებობს პროცესების უსაშველოდ გაწელვის ბერკეტიც და არსებობს, რა თქმა უნდა, ბერკეტები რომელიც პროცესს დააჩქარებს“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.