მაკა ბოჭორიშვილი: დაკავშირებადობაზე როდესაც საუბრობენ, ბევრი აცნობიერებს, რომ საქართველოს მაგიდასთან არყოფნა უფრო სასაცილო მდგომარეობაში აყენებს ევროკავშირს, ვიდრე საქართველოს
დაკავშირებადობაზე ბევრს მსჯელობენ და ბევრი მსჯელობა მიდის ბრიუსელში, ევროკავშირში, სხვადასხვა ფორმატში, თუმცა, საჯაროდ საქართველოს ხსენებას ერიდებიან, რაც ერთგვარად, არასერიოზულ სურათს ქმნის ევროკავშირისას და არასერიოზულ მდგომარეობაში აყენებს მათ, ვინც ამაზე საუბრობს და საქართველოს ხსენებას ერიდება, - ასე უპასუხა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, რა ინტერესი გამოიკვეთა ევროპელი პარტნიორების მხრიდან საქართველოს სატრანზიტო პოტენციალთან დაკავშირებით საბერძნეთში მიმდინარე ეკონომიკური უსაფრთხოების ფორუმზე, სადაც ის ვიზიტით იმყოფებოდა.
„მარტივი საკითხია, უბრალოდ, რუკას უნდა შეხედო და დაინახო, თუ როგორია დაკავშირებადობის გზა, როდესაც ევროკავშირი ფიქრობს დაკავშირებადობაზე. ეს ძალიან კარგად აისახება ხოლმე დოკუმენტებში, როცა რაღაც დასკვნებს წერენ, თუ დოკუმენტებს ამზადებენ ბრიუსელში.
იქ ყოველთვის ჩანს, თუ როგორია ეს გზა, საჯაროდ კი, საჯარო კომუნიკაციაში კონკრეტული პირები, კონკრეტული აქტორები ამას შეგნებულად აკეთებენ იმისთვის, რომ შემდგომ აქ ალბათ, რაღაც პოლიტიკური დღის წესრიგი შეიქმნას, როგორ გაქრა საქართველო ევროკავშირისთვის რუკიდან.
მაგრამ ვერ გაქრება საქართველო რუკიდან, ნამდვილად არ გამქრალა და აქ ვართ იმ უმნიშვნელოვანესი ფუნქციით და როლით, რომელიც დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპისთვის, როდესაც საუბარი არის დაკავშირებადობაზე. ევროკავშირმა ბევრი შეიძლება, დააგვიანა ამ პროცესში, ძალიან ბევრი რამ შეიძლება, უფრო ადრე გაკეთებულიყო და უფრო ადრე ყოფილიყო მსჯელობა თუნდაც, შავ ზღვაზე დაკავშირებადობაზე.
ჩვენ ამაზე 10 წლის წინ ვსაუბრობდით ბრიუსელში და ვესაუბრებოდით ჩვენს კოლეგებს, თუმცა დღეს ფაქტია, ეს უკვე ისეთი ცხადი საჭიროებაა, რომ ვერ აუვლი გვერდს. როგორც არ უნდა ეცადო, ამას გვერდს ვერ აუვლი და ვერ აუვლი გვერდს ვერც საქართველოს, როდესაც დაკავშირებადობაზე საუბრობ. ამას ყველა ძალიან კარგად აცნობიერებს, თუმცა ამის საჯაროდ გაცხადებას მაინც ერიდებიან“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება საქართველოს საქმეს აკეთებს.
„ჩვენ ჩვენი როლი და ფუნქცია ძალიან კარგად ვიცით. ქვეყანა პირიქით, ხელგაწვდილია თანამშრომლობაზე და ხელგაწვდილია იმისათვის, რომ შევქმნათ ჩვენი ქვეყნისთვის შესაძლებლობები. ერთ მხარეს არის ევროპა, ევროკავშირი, მეორე მხარეს არიან აზიის ქვეყნები, შუაში ვართ ჩვენ და გვაქვს ასევე ვალდებულება და შესაძლებლობა, ორივე მხარეს განვავითაროთ თანამშრომლობები. რა თქმა უნდა, თანამშრომლობას ცალმხრივად ვერ განავითარებ, საჭიროა ორივე მხარე“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, როგორ შეიძლება, აისახოს საქართველო-ევროკავშირის მომავალ ურთიერთობაზე საქართველოს გაზრდილი სატრანზიტო პოტენციალი, როდესაც აქტიურდება იგივე შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, რომელსაც ევროკავშირმა ცოტა ხნის წინ მიანიჭა განსაკუთრებული სტატუსი, იგივე საქართველოს გავლით უნდა მიეწოდოს განახლებადი ენერგია ევროპის ქვეყნებს და შეიძლება თუ არა, სწორედ ეს ფაქტორი გახდეს გარკვეულწილად, იმ დაძაბულობის განმუხტვის მიზეზი, რომელიც არის ბრიუსელ-თბილისს შორის ბოლო წლებში, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ სწორედ ამაზე საუბრობს.
„ახლა უკვე ისე ჩანს ეს ყველაფერი, რომ გვერდს ვეღარ აუვლი და ვერაფერს ვეღარ გააკეთებ, რომ საქართველოს გვერდი აუარო. ამ გარდაუვალ საჭიროებას უკვე ბევრი აცნობიერებს და კი, შეიძლება, ამასაც დავაბრალოთ, რომ დღეს უკვე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ბევრი აცნობიერებს, რომ საქართველოს მაგიდასთან არყოფნა უფრო სასაცილო მდგომარეობაში აყენებს ევროკავშირს, როდესაც დაკავშირებადობაზე საუბრობენ, ვიდრე საქართველოს, ხომ? ისინი მსჯელობენ დაკავშირებადობაზე და მთავარი ქვეყანა ამ ხაზში არ არის მიწვეული.
რომელი უფრო სასაცილოა, მსჯელობდე დაკავშირებადობაზე და არ გყავდეს ის ქვეყანა მიწვეული, რომლის გავლითაც უნდა დაუკავშირდე სხვა დანარჩენს, ხომ? ახლა ესეც გარკვეულწილად, აჩენს კითხვებს, რამდენად სერიოზული ხარ ამ საკითხების მიმართ, რამდენად სერიოზულად ფიქრობ სწორედ დაკავშირებადობაზეც და ესეც ალბათ, ის კითხვებია, რომელიც თავად ევროკავშირის შიგნით უნდა დასვან.
აკეთებს კი დღევანდელი ბრიუსელი ყველაფერს იმისთვის, რომ ევროკავშირის მომავალი უზრუნველყოს? ევროკავშირის მომავალი კი დღეს აქ გადის, გარკვეულწილად და რა თქმა უნდა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სწორედ ჩვენს ქვეყნებთან ურთიერთობები და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან დიალოგი“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.