მაკა ბოჭორიშვილი: ბევრი თვალსაზრისით დღეს ევროკავშირისთვის საჭიროა, რომ საქართველოსთან იყოს დიალოგი, ჩვენ არაფერი გვაქვს საფიქრალი და არაფერი გვაქვს აბსოლუტურად გასაკეთებელი იმისთვის, რომ დიალოგი აღდგეს
გარკვეულწილად, მიდგომები და სურვილები შეიძლება, შეცვლილია ევროკავშირის ბიუროკრატიაში, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„ისინი აცნობიერებენ, რომ საქართველოსთან დიალოგი არის საჭირო, თუმცა არ არსებობს ალბათ, აზრთა სხვადასხვაობა, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ დიალოგის განახლება. ჩვენი პოზიცია არის ძალიან ცხადი, ჩვენ არ შეგვიჩერებია დიალოგი, ჩვენ არანაირი საფუძველი არ ჩაგვიყრია იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება ყოფილიყო ევროკავშირის მხრიდან მიღებული, დიალოგის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ჩვენ არანაირ მიზეზი არ მიგვიცია ამისთვის და არ გვითქვამს არასდროს უარი დიალოგზე.
ეს არის ევროკავშირის გადაწყვეტილება; ეს იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც ერთი მხრივ, უნდა ყოფილიყო გამოყენებული საქართველოს შიდა პოლიტიკის საკეთებლად და თავისი როლი ამ გადაწყვეტილებამ თავის დროზე შეასრულა“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
ამ განცხადებით მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, იყო თუ არა პაველ ჰერჩინსკის მხრიდან დასახელებული მოთხოვნები, რა შემთხვევაშიც ბრიუსელი მზად არის, თბილისთან დიალოგი დაიწყოს.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება 28 ნოემბრის განცხადების საპასუხოდ, რაზეც ევროკავშირის წარმომადგენლები მიუთითებენ ხოლმე, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ ეს არის ტყუილი და პროპაგანდა.
„ისტორიას ნუ გადავწერთ და ნუ შევცვლით, ყველაფერს აქვს თავისი თარიღები, შეგვიძლია, გადავხედოთ ცოტა წინ ისტორიას და ვნახოთ ის თარიღები, როდის რა განცხადებები გაკეთდა. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს 2024 წლის ივნისი და არ უნდა დავივიწყოთ. ეს იყო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, როდესაც ევროკავშირის ელჩმა მაშინ ჩვენ გვამცნო და განგვიმარტა, თუ რას ნიშნავდა ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება საქართველოსთან დაკავშირებით. ეს ჩვენ განგვიმარტეს ასე, რომ ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოსთან დიალოგი და შეჩერდა ევროინტეგრაციის პროცესი.
ეს სიტყვები იყო გამოყენებული, როდესაც ჩვენ განგვიმარტეს ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება 2024 წლის ივნისში და შემდგომ უკვე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან გაკეთებულ განცხადებაში ვერც ერთ წინადადებას ვერ ნახავთ, რომლის საფუძველზეც შეიძლება, გამოიტანო დასკვნა, რომ ჩვენ შევაჩერეთ ევროინტეგრაციის პროცესი.
ეს განცხადება ითარგმნა ამგვარად და დღემდე ასეთი სპეკულაცია ხდება, თითქოს, ჩვენ შევაჩერეთ ევროინტეგრაციის პროცესი, როცა ამ განცხადებამდე რამდენიმე თვით ადრე უკვე ევროკავშირს ჰქონდა გამოქვეყნებული დასკვნები და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ეს გვითარგმნა, როგორც დიალოგის შეჩერება, იმავდროულად, ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება. ასე რომ, ეს დიალოგი, ეს ასე ვთქვათ, ურთიერთობები შეჩერებული არის ევროკავშირის ბიუროკრატიის მიერ“, - განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, საზოგადოებას ახსოვს არჩევნების შემდგომ მცდელობები, რომ დახატულიყო სურათი, თითქოს საქართველო არის იზოლაციაში.
„იყო მცდელობა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს არ შეხვედროდა არავინ. გახსოვთ ალბათ, იგივე ევროკავშირის ელჩთან ჩემს პირველ შეხვედრას, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრისას, რა ამბავი მოჰყვა და რა ჩაიდინეს ზოგადად ჩვენი ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ეს ყველაფერი მოგონილი და შექმნილიყო იმისთვის, რომ სურათი უნდა დახატულიყო ასეთი, რამაც არ იმუშავა
შეგვხვდნენ კიდეც და ვისაუბრეთ კიდეც, ანუ, ვერ მოხდა ამ ხალხის მიერ ამ მიზნის მიღწევა. შესაბამისად, დგას ახლა, დღეს დღის წესრიგში, რა ვქნათ, როგორ გავაგრძელოთ, ასე ვიყოთ გაბუტულები და არ ველაპარაკოთ? ამ დროს, სასიცოცხლოდ საჭიროა საქართველოსთან დიალოგი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ბევრი თვალსაზრისით არის დღეს ევროკავშირისთვის საჭირო, რომ საქართველოსთან იყოს დიალოგი.
„ამას ყველა კარგად აცნობიერებს, უბრალოდ, კითხვის ნიშანი არის ერთადერთი, როგორ გავაკეთოთ ეს. გავიგეთ, რომ საჭიროა შეიძლება სახის შენარჩუნება და ვიღაცას უჭირს, ნაბიჯის უკან გადადგმა, მაგრამ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში პრინციპულობა.
ჩვენ ძალიან ბევრი რამ დაგვაბრალეს, ძალიან მძიმე დეზინფორმაციული კამპანია აწარმოებს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგ, ეცადნენ, ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხელისუფლებისთვის მოეყენებინათ ძალიან სერიოზული რეპუტაციული ზიანი.
ჩვენ არაფერი გვაქვს საფიქრალი და არაფერი გვაქვს აბსოლუტურად გასაკეთებელი იმისთვის, რომ დიალოგი აღდგეს.
ჩვენ არ გვითქვამს უარი. მათ შეუძლიათ, უბრალოდ, თქვან, რომ იყო რაღაც ნაბიჯები გადადგმული, რაც იყო შეცდომა და იყო არასწორი. ხომ იყო „რუსული კანონის“ კამპანია და უამრავი სხვა, გაყალბებული არჩევნების კამპანია, რაღაც მომწამვლელი ნივთიერებების გამოყენების კამპანია და ამ ყველაფრის უკან ხომ დგას გარკვეული ფული, გარკვეული ძალები? ახლა ჩვენ როგორ გავაკეთოთ, ეს ყველაფერი გადავდოთ, ვითომ არაფერი ყოფილა და კიდევ ჩვენ დავიდანაშაულოთ თავი?“ - დასძინა ბოჭორიშვილმა.