მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მაისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები ეწვევიან
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მაისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები ეწვევიან. აღნიშნულის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
ბოჭორიშვილის თქმით, საქართველომ აშშ-დან იხილა კონკრეტული ნაბიჯები, შედგა არაერთი კონსულტაცია და შეხვედრა.
„მაისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში. შეხვედრები დაიგეგმება არა მხოლოდ ჩემთან, არამედ საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლებთან. აშშ-დან ვიხილეთ კონკრეტული ნაბიჯები. შედგა არაერთი კონსულტაცია, მათ შორის შედგა ზარი პრემიერ-მინისტრთან, იყო ვიზიტები როგორც ვაშინგტონში, ასევე თბილისში.
მაისში ველოდებით შემდგომ ნაბიჯებს და კონსულტაციების გაგრძელებას. ეს შეიძლება, ერთგვარად ჩავთვალოთ კონსულტაციების პირველ ეტაპად.
პირველი შეხვედრებია ასეთი ფორმის ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში სახელმწიფო დეპარტამენტთან. რა თქმა უნდა, ბევრი რამ არის დამოკიდებული, როგორ განვითარდება მოვლენები, როგორი იქნება კონსულტაციების შედეგები. ამ ეტაპზე შეგვიძლია, ის კომუნიკაციები, ის შეხვედრები, რაც ამ დრომდე იყო აშშ-ის მხარესთან, შევაფასოთ პოზიტიურად და შედეგიანად, ვინაიდან სწორედ ამის გამოძახილია და გაგრძელებაა უკვე დაგეგმილი ვიზიტები.
აპრილშიც იყო სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიზიტი საქართველოში. გვქონდა კონსულტაციები, მეც მქონდა მასთან შეხვედრა, ასევე, შეხვედრები შედგა საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლებთან. ამ ვიზიტის შედეგი იყო სწორედ ზარი საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და სახელმწიფო მდივანს შორის. ეს არის ის პროგრესი, რაც გვაქვს აშშ-თან ურთიერთობებში.
ჩვენც არაერთხელ აღგვინიშნავს და ასევე ჩემთან საუბარში აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა, რომ ის მემკვიდრეობა, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციას დახვდა საქართველოსთან ურთიერთობაში, არ არის მარტივი, არ იყო მარტივი ამ ნაბიჯების გადადგმა, რომ თუნდაც აქამდე მივსულიყავით და დაგვეწყო საუბარი. მოხარული ვარ, რომ ეს შედგა და შესაძლებელი გახდა, დავბრუნდეთ მაგიდასთან და გავაგრძელოთ საუბარი საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.