მაკა ბოჭორიშვილი არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
2026 წლის 14 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, პაბლო კირნოსთან. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მინისტრებმა შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და ხაზი გაუსვეს სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობის გააქტიურების აუცილებლობას.
დადებითად შეფასდა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში არსებული თანამშრომლობა; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა არგენტინელ კოლეგას მადლობა გადაუხადა გაეროს ფარგლებში საქართველოს რეზოლუციების მხარდაჭერისთვის.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამხრეთ კავკასიასა და ლათინური ამერიკის რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. შეხვედრის დასასრულს მინისტრებმა დაადასტურეს მზადყოფნა, განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.