მაკა ბოჭორიშვილი ანდრეი სიბიგას შეხვდა
მიმდინარე წლის 15 მაისს, ქალაქ კიშინეუში მიმდინარე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი უკრაინელ კოლეგას ანდრეი სიბიგას შეხვდა.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, აღნიშნული შეხვედრა წარმოადგენდა ბოლო პერიოდში უკრაინის და საქართველოს ხელისუფლებების წარმომადგენლებს შორის გამართული კომუნიკაციების შემდგომ ნაბიჯს.
შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო საქართველოს მხრიდან უკრაინის მიმართ თანმიმდევრულ პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას.
„ამასთან, ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა საქართველო-უკრაინის ურთიერთობებში არსებულ გამოწვევებს, უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ბოლო წლებში გადადგმულ ნაბიჯებს და იმ პოზიციებს, რაც აბრკოლებს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას.
მხარეებმა დაადასტურეს დიპლომატიური ურთიერთობების გაჯანსაღების მნიშვნელობა და დიალოგის გაგრძელების მზაობა“, - აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.