მაია ბითაძე: რისთვისაც არ უნდა ემზადებოდეს ჩვენი რადიკალური ოპოზიცია, მათი მცირერიცხოვანი მხარდამჭერები, ყველა სცენარი კრახისთვის არის განწირული

„ნებისმიერ შემთხვევაში, რისთვისაც არ უნდა ემზადებოდეს ჩვენი რადიკალური ოპოზიცია და მათი მცირერიცხოვანი მხარდამჭერები, ყველა მათი სცენარი კრახისთვის არის განწირული“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა მაია ბითაძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც დეპუტატი აღნიშნავს, ოპოზიცია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მიზანს დღის წესრიგიდან არ ხსნის.
მისი თქმით, ოპოზიციის ყველა ქმედება განწირულია.
„მათ საქართველოს მოსახლეობამ ძალიან მწარე პასუხი გასცა გასულ წელს, როდესაც მკაფიოდ დაანახა, რომ საქართველოს მოსახლეობა ძალიან ბრძენია და ყოველთვის მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ძირს არ გამოუთხრის ამ ქვეყანას მიუხედავად აი, იმ დიდი ზეწოლისა, რომელიც შიდა და გარე ფაქტორებიდან მომდინარეობდა.
თუ ისინი გასულ წელს არჩევნების მეორე დღისთვის გვიანონსებდნენ ძალიან მასშტაბურ აქციებს, რევოლუციის სხვადასხვანაირ სცენარს, ამის ჰიბრიდულ და უფრო მცირემასშტაბიან გამოვლინებებს ახლაც აქვს ადგილი.
ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მიზანს ისინი დღის წესრიგიდან არ ხსნიან, მაგრამ იმდენად დასუსტებულები არიან სწორედ იმის გამო, რომ ვერ გაიგეს რა არის საქართველოს მოსახლეობის მთავარი მიზანი, რაც არ უნდა ისაუბრონ, მათი ყველა ქმედება განწირულია.
კიდევ ერთხელ მინდა ყველას მოვუწოდო რადიკალურ ოპოზიციაში, რომ ყველა მათი ჩანაფიქრი, თუ გამოყენებული საშუალებები წინააღმდეგობაში იქნება საქართველოს კანონმდებლობასთან, მათ ძალიან მკაცრი პასუხი გაეცემათ. არ მივცემთ საშუალებას არავის, რომ ამ ქვეყანაში რაღაც ქმედებები განახორციელონ ძალადობრივი გზით. მათ შორის, ვხედავთ, რომ ისინი პრაქტიკულად ყოველ საღამოს ცდილობენ ძალადობრივი ქმედებებით ცენტრალური გამზირის გადაკეტვას.
მიუხედავად ამისა, მათ აზრის გამოხატვის საშუალება ეძლევათ, მაგრამ ის ძალადობრივი, ფსიქოლოგიური ზეწოლის მექანიზმები, რომელსაც ისინი აქამდე ძალიან აქტიურად მიმართავდნენ იმისთვის, რომ დაებულინგებინათ არა მხოლოდ სახელისუფლებო, ოფიციალური წარმომადგენლები, არამედ რიგითი მოქალაქეები, რომლებიც იზიარებენ „ქართული ოცნების“ პოლიტიკას, მათ ყველა ასეთ ძალადობრივ, ფსიქოლოგიურ თუ ფიზიკურ გამოვლინებას პასუხი გაეცემა მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, რომელიც, ასევე, შევახსენებ ყველას, რომ დაუახლოვდა ევროკავშირის კანონმდებლობას“, - აღნიშნავს მმართველი გუნდის დეპუტატი.