Loading data...
მაია ბითაძე ოპოზიციური მედიის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე: ჩვენ ვაპროტესტებდით იმ ცვლილებებს რეზოლუციის პროექტში, რომელიც ჯო უილსონის მხრიდან იქნა ინიციირებული - ბუნებრივია, მხარი არ დაგვიჭერია ამ შესწორებებისთვის და მხარი აღარ დავუჭირეთ მთლიან რეზოლუციასაც

„სამარცხვინო სიცრუეა და ვფიქრობ, სწორედ ამიტომ არის საჭირო, არსებობდეს კანონი ცილისწამების შესახებ, რომლითაც ასეთი სიცრუეები, რომელიც ამ შემთხვევაში, მიზნად ისახავს მთელი ერის შეცდომაში შეყვანას, იქნეს მხილებული. ამ შემთხვევაში, საქმე გვაქვს ძალიან მავნებლურ ტყუილთან“, - ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ, ოპოზიციური მედიის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის საპასუხოდ განაცხადა, თითქოს, ქართულმა მხარემ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა.

ბითაძის განცხადებით, საქართველოს დელეგაცია სწორედ იმიტომ გამოირჩეოდა მკაცრი განცხადებებით, რომ ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ რეზოლუციის პროექტში ინიციირებულ ცვლილებებს აპროტესტებდა. შესაბამისად, მისივე განმარტებით, ქართულმა მხარემ, მთლიან რეზოლუციასაც აღარ დაუჭირა მხარი.

„ბუნებრივია, ჩვენი დელეგაცია სწორედ იმიტომ გამოირჩეოდა მკაცრი განცხადებებით, როგორც საკომიტეტო მოსმენებზე, ისე პლენარულ სესიაზე, რომ ჩვენ ვაპროტესტებდით სწორედ, იმ ცვლილებებს რეზოლუციის პროექტში, რომელიც ჯო უილსონის მხრიდან იქნა ინიციირებული და მხარდაჭერილი, ერთ კლუბად შეკრული გარკვეული დელეგაციების მხრიდან, რომლებსაც საკმაოდ მაღალი რაოდენობის ხმები ჰქონდათ, სხვა წევრებთან შედარებით და ბუნებრივია, ჩვენ მხარი არ დაგვიჭერია ამ შესწორებებისთვის და ამ შესწორებების გამო, სამწუხაროდ, მხარი აღარ დავუჭირეთ მთლიან რეზოლუციასაც კი, რაც ამ შემთხვევაში, ძალიან სამწუხაროა.

ეს არის მტკნარი ტყუილი, რომელიც კიდევ ერთხელ, მიზნად ისახავს მათ შორის დისკრედიტაციას იმ წარმატებული შენატანისა თვითონ რეზოლუციის ტექსტში, რომელიც ჩვენი დელეგაციის მხრიდან იქნა მოთხოვნილი და შეტანილი. ვგულისხმობ, სირიის ახალი ხელისუფლების მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების უკან გაწვევას“, - განაცხადა მაია ბითაძემ.