Loading data...
ახალგაზრდა ევროპელები დემოკრატიისადმი რწმენას კარგავენ - The Guardian

კვლევის თანახმად, ახალგაზრდა ევროპელები დემოკრატიისადმი რწმენას კარგავენ. დემოკრატიისადმი მხარდაჭერა ყველაზე დაბალია საფრანგეთში, ესპანეთსა და პოლონეთში, ხოლო 21% გარკვეულ გარემოებებში, ავტორიტარულ მმართველობას უჭერს მხარს. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს. 

როგორც მედია წერს, საფრანგეთსა და ესპანეთში ახალგაზრდების მხოლოდ ნახევარი მიიჩნევს, რომ დემოკრატია მმართველობის საუკეთესო ფორმაა, ხოლო პოლონელ კოლეგებს შორის მხარდაჭერა კიდევ უფრო დაბალია.

ევროპელი Z თაობის უმრავლესობა - 57% უპირატესობას მმართველობის ნებისმიერ სხვა ფორმას ანიჭებს, გარდა დემოკრატიისა. 

„დემოკრატიის მხარდაჭერის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად განსხვავებულია, პოლონეთში მხოლოდ 48%-ს, ესპანეთსა და საფრანგეთში კი, მხოლოდ 51-52%-ს შეადგენს. ყველაზე მაღალია გერმანიაში - 71%. გარკვეულ, დაუზუსტებელ გარემოებებში, ყოველი მეხუთე - 21% ავტორიტარულ მმართველობას ემხრობა. ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალი იტალიაშია - 24%, ხოლო ყველაზე დაბალი - გერმანიაში - 15%. საფრანგეთში, ესპანეთსა და პოლონეთში მაჩვენებელი 23%-ს შეადგენს“, - ვკითხულობთ გამოცემაში. 

ქვეყნების მასშტაბით, თითქმის ყოველი მეათე გამოკითხული ამბობს, რომ მათთვის არ არის მნიშვნელოვანი, დემოკრატიული იყო თუ არა მთავრობა, ხოლო 14%-მა არ იცის პასუხი ან არ უპასუხა. 

კვლევაზე ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი მუშაობდა, რომლის პოლიტოლოგმა ტორსტენ ფაასმა განაცხადა:

„იმ ადამიანებს შორის, რომლებიც საკუთარ თავს პოლიტიკურად ცენტრისტულ მემარჯვენეებად მიიჩნევენ და ეკონომიკურად დაუცველობის განცდა აქვთ, დემოკრატიის მხარდაჭერა სამიდან ერთამდე ეცემა“.

კვლევა აპრილსა და მაისში ჩატარდა. დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, იტალიაში, საბერძნეთსა და პოლონეთში 16-დან 26 წლამდე ასაკის 6700-ზე მეტი პირი გამოეხმაურა YouGov ინსტიტუტის მეცხრე, ყოველწლიურ გამოკითხვას Tui Foundation-ისთვის, რომელიც ევროპაში ახალგაზრდულ პროექტებს აფინანსებს. 

რესპონდენტების აღქმით, დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნებამ, ჩინეთის აღზევებამ და რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ უკრაინაში, ევროპიდან ძალაუფლების გადინებას შეუწყო ხელი. ახლა უკვე მხოლოდ, 42% მიიჩნევს ევროკავშირს სამ მთავარ გლობალურ მოთამაშეს შორის. 

გამოკითხულთა 83% აღნიშნავს, რომ ძალაუფლება აშშ-ის ხელშია, 75%-მა ჩინეთზე გაამახვილა ყურადღება, რუსეთი კი ძალაუფლების მქონედ 57%-მა დაასახელა.