მაია ბითაძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ შესაძლო საკადრო ცვლილებებზე: ეს არის პარტია, რომელმაც თვითგანადგურების რეკორდი დაამყარა, შესაბამისად, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება თავმჯდომარე
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ პარტიაში თავმჯდომარეების შეცვლა მიხეილ სააკაშვილის პარტიას კრიზისიდან ვერ გამოიყვანს.
„პოლიტიკური პარტია, რომლის სამართლებრივი გაუქმება „ქართულ ოცნებას“ სასამართლოს გზით აქვს მოთხოვნილი, ხოლო მეორე კუთხით, ეს არის პარტია, რომელმაც თვითგანადგურების რეკორდი დაამყარა, შესაბამისად, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება თავმჯდომარე.
ერთი ფაქტია, რომ ეს პოლიტიკური გაერთიანება, მავნებლური პოლიტიკური გაერთიანება როგორც მმართველობის, ასევე ოპოზიციაში ყოფნის დროს, დაკავებული იყო ერთადერთი რამით, რომ საკუთარი სამშობლო და სახელმწიფო დაეზიანებინათ“, - აცხადებს მაია ბითაძე.
არსებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი, თავმჯდომარის პოსტზე თინა ბოკუჩავას ნაცვლად, ლევან სანიკიძეს განიხილავს და ამ თემაზე კონსულტაციებს გადის.