Loading data...
მაია ბითაძე: ბატონი ანრი ოხანაშვილის ახალი პოსტი - პრემიერის მრჩევლობა ძალიან საპასუხისმგებლო პოსტია, მამუკა მდინარაძე გულწრფელად რომ ვთქვა, პარლამენტში ძალიან დაგვაკლდება

„ღიმილის მომგვრელია, რომ რადიკალური ოპოზიცია ჩასაფრებულია „ქართული ოცნების“ დღის წესრიგზე და ცდილობს ააგოს 2-3-დღიანი პიარკამპანია. ეს უკვე „სახლობანას“ თამაშს ჰგავს“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. 

წამყვანმა ჰკითხა, რას ფიქრობს ოპოზიციის განცხადებებზე, რომ „ქართული ოცნების“ საკადრო გადაწყვეტილება - ანრი ოხანაშვილის მამუკა მდინარაძით ჩანაცვლება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, გუნდის შიდა დაპირისპირებაზე მეტყველებს.

„ღიმილის მომგვრელია, რომ რადიკალური ოპოზიცია ჩასაფრებულია „ქართული ოცნების“ დღის წესრიგზე და ცდილობს ააგოს 2-3-დღიანი პიარკამპანია. ეს უკვე „სახლობანას“ თამაშს ჰგავს, რასაც უკვე გასცა პასუხი საქართველოს მოსახლეობამ და კიდევ უფრო მწარედ გასცემს პასუხს დაახლოებით 1 თვეში.

რაც შეეხება საკადრო გადაწყვეტილებებს, რამდენი წელია საჯარო სამსახურში ვარ და ხან ერთ და ხან მეორე თანამდებობას ვიკავებ. საკადრო ცვლილებები ნორმალური პროცესია. გარკვეულ დროს გუნდს ერთი ადამიანი შეიძლება ერთ ადგილას დასჭირდეს, ან შესაძლოა - მეორეზე. ეს არის ცოცხალი, ჯანსაღი პროცესი.

ბატონი ანრი ოხანაშვილის ახალი პოსტი - პრემიერის მრჩევლობა ძალიან საპასუხისმგებლო პოსტია. მამუკა მდინარაძე, გულწრფელად რომ ვთქვა, პარლამენტში ძალიან დაგვაკლდება როგორც ძალიან კარგი მენეჯერი, ორგანიზატორი და კოლეგა. ის ძალიან კარგი კანდიდატურაა იმ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რაც ამ ეტაპზე უდგას ჩვენს ქვეყანას“, - აღნიშნა ბითაძემ.