მაჭავარიანი საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის დაკავებაზე: თუ ადამიანმა აიღო ქრთამი, ეს ნიშნავს, რომ ის ჩვენი გუნდის წევრი არც ყოფილა, არც არის და არც არასდროს არ იქნება, ის არის კორუმპირებული და დამნაშავე

„აბსოლუტურად არაფერს მნიშვნელობა არ აქვს. თუ ადამიანმა აიღო ქრთამი, ეს ნიშნავს, რომ ის ჩვენი გუნდის წევრი არც ყოფილა, არც არის და არც არასდროს არ იქნება. ის არის კორუმპირებული, ის არის დამნაშავე“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი სუსის მიერ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის და მასთან კავშირში მყოფი პირების დაკავებას.
როგორც დეპუტატი აცხადებს, ბრალდებულები პასუხს კანონის უმკაცრესი ფორმით აგებენ.
„ყველასათვის ცნობილია ჩვენი ხელისუფლების გაცხადებული პოზიცია ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლასთან დაკავშირებით და მე ხაზს გავუსვამდი და გამოვყოფდი კიდევ 2 მიმართულებას. ეს არის - ნარკორეალიზატორებთან ბრძოლა. კორუფციასთან ბრძოლასთან დაკავშირებითაც, ჩვენი მოქალაქეებისთვის კარგად არის ცნობილი, ბატონმა ირაკლი კობახიძემ, როგორც კი იგი გახდა პრემიერ-მინისტრი დააანონსა, მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება, საქართველომ უახლოეს წლებში ტოპ 3 ქვეყანაში შედიოდეს კორუფციის სიმცირის კუთხით. ამ ბრძოლაში ვართ უკომპრომისოები, ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს კონკრეტული ადამიანი რა თანამდებობას იკავებდა და თუ რამდენი ხანი იყო გუნდის წევრი და ა.შ.
აბსოლუტურად არაფერს მნიშვნელობა არ აქვს. თუ ადამიანმა აიღო ქრთამი, ეს ნიშნავს, რომ ის ჩვენი გუნდის წევრი არც ყოფილა, არც არის და არც არასდროს არ იქნება. ის არის კორუმპირებული, ის არის დამნაშავე და შესაბამისად, პასუხს აგებს კანონის უმკაცრესი ფორმით“, - აღნიშნავს მაჭავარიანი.