მაჭავარიანი: რადიკალურ ოპოზიციაში, ქალბატონი ზურაბიშვილის თამადობით, მრავლად გამოჩნდნენ ისეთები, ვისთვისაც დებატები მიუღებელია, დებატების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, რაღაც დოზით, პოლარიზაცია დაიწევს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, საჯარო სივრცეში პოლიტიკური დებატების დაბრუნება პოლარიზაციის შემცირებას შეუწყობს ხელს.
მისი თქმით, რადიკალურ ოპოზიციაში მრავლად გამოჩნდნენ ისეთები, ვისთვისაც დებატები მიუღებელია.
„დებატები არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის დემოკრატიის განუყოფელი ნაწილი და დებატების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, რაღაც დოზით, პოლარიზაცია დაიწევს, ვინაიდან მოქალაქეებს ექნებათ საშუალება, რომ ორივე მხარე მოისმინონ და მოსმენილი არგუმენტების საფუძველზე გამოიტანონ დასკვნები.
ჩვენ ვხედავთ, რომ რადიკალურ ოპოზიციაში, ქალბატონი ზურაბიშვილის თამადობით, მრავლად გამოჩნდნენ ისეთები, ვისთვისაც დებატები მიუღებელია. ეს სიურპრიზი არ არის, ვინაიდან საზოგადოების თვალში ნათლად გამოჩნდება, რომ მათ მხარეს არანაირი სიმართლე არ დგას. შესაბამისად, ძალიან შეშინებულები არიან და რაღაც უაზრო მიზეზებით ცდილობენ, ეს ყველაფერი თავიდან აირიდონ“, - აღნიშნავს მაჭავარიანი.