Loading data...
მაჭავარიანი: პასუხი უნდა აგონ იმ ჭორაობის გამო, რომელიც ულახავს საქართველოს რეპუტაციას და ზრდის რისკებს, რომ რაღაც უბედურება მოხდეს ჩვენს ქვეყანაში, რისი სურვილიც აქვთ

თუ მათ არგუმენტები და მტკიცებულებები ექნებოდათ, ამ შემთხვევაში, კითხვა ჩნდება, რატომ არ წარადგინეს ეს მტკიცებულებები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, პასუხი უნდა აგონ იმ ჭორაობის გამო, რომელიც ულახავს საქართველოს რეპუტაციას.

„ეს არის ჩვეულებრივი ჭორაობა და ძალიან გვაგონებს ეს ყველაფერი იმ მოვლენებს, რომელიც ვითარდებოდა რუსეთ-უკრაინის ომის დროს. როდესაც ზუსტად ეს აქტორები გვაბრალებდნენ, რომ თითქოს შავი ხვრელი ვიყავით რუსეთისთვის სანქციების გვერდის არიდებაში, ისინი გვაბრალებდნენ, რომ თურმე ჩვენგან აწვდიდნენ კონკრეტული ქვეყნები რუსეთს რაღაც ტიპის შეიარაღებას და მსგავს მოღალატეობრივ განცხადებებს აკეთებდნენ.

ანალოგიურთან გვაქვს საქმე, ესენი არიან ქვეყნის მტრები, ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ურჩევნიათ, რომ ქვეყანაში არ იყოს მშვიდობა, ურჩევნიათ, რომ ქვეყანაში იყოს საომარი მოქმედება, იქიდან გამომდინარე, რომ მეტი უბედურება თუ მოხდება და რაც მეტი ქაოსი იქნება ქვეყანაში, ისინი ხედავენ რაღაც ალბათობას, რომ შეიძლება მხოლოდ ამ შემთხვევაში მოვიდნენ ხელისუფლებაში.

რა თქმა უნდა, პასუხი უნდა აგონ იმ ჭორაობის გამო, რომელიც ულახავს საქართველოს რეპუტაციას ერთის მხრივ, და მეორეს მხრივ, ზრდის რისკებს, რომ რაღაც უბედურება მოხდეს ჩვენს ქვეყანაში, რაზეც ისინი ლოცულობენ და რის სურვილიც აქვთ“, - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება ბოლო დღეების განმავლობაში გაჟღერებულ ცალკეულ განცხადებებთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირებას და მინიშნებებს ტერორიზმთან დაკავშირებით.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა საქართველოში არალეგალურად მოქმედ ტერორისტების სკოლაზე ისაუბრა. გავრცელდა ჰადსონის ინსტიტუტის კვლევაც სახელწოდებით - „საქართველოში ირანის გავლენის ინფრასტრუქტურა ფართოვდება“. ავტორები „ჰადსონის ინსტიტუტის“ უფროსი მეცნიერი ლუკ კოფი და გიორგი კანდელაკი არიან. კანდელაკი საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტების მენეჯერია, მანამდე „ნაციონალური მოძრაობის“, შემდეგ კი „ევროპული საქართველოს“ წევრიც იყო.