Loading data...
მაჭავარიანი ოპოზიციის 2 წარმომადგენლის მიერ შიმშილობის დაწყებაზე: ეს მათი არჩევანია, ძალიან სამწუხაროა, რა თქმა უნდა, ვისურვებდით, საკვების მიღება დაიწყონ

„ეს მათი არჩევანია, ძალიან სამწუხაროა. რა თქმა უნდა, ვისურვებდით, რომ საკვების მიღება დაიწყონ, თუმცა, ჩვენ ნამდვილად ვერ დავაძალებთ ვერავის“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი ოპოზიციის ორი წარმომადგენლის მიერ შიმშილობის დაწყებას.

მმართველი გუნდის წევრმა თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია ქვეყნის გარედან მიღებული დავალებებით მოქმედებს.

მისი თქმით, შიმშილობის დაწყების მიზანი სავარაუდოდ, უკავშირდება იმას, რომ მომხრეების თვალში გმირად წარმოჩნდე.

„ეს მათი არჩევანია, ძალიან სამწუხაროა. რა თქმა უნდა, ვისურვებდით, რომ საკვების მიღება დაიწყონ, თუმცა, ჩვენ ნამდვილად ვერ დავაძალებთ ვერავის. გახარიას პარტიის გამოხმაურება ამასთან დაკავშირებით, რომ ეს მათთვის მიუღებელია და ისინი აპირებენ არჩევნებში მონაწილეობას, კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ უფრო კარგად დაფიქრდნენ მათი გარე უფროსები და უფრო დივერსიფიცირებულად აპირებენ, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიაღებინონ ამ 4 რადიკალურ პარტიას.

რადიკალურმა ოპოზიციამ თავი ჩიხში ჩაიგდო, იქიდან გამომდინარე, რომ არ აღიარებდნენ ამ არჩევნების შედეგებს და თავიანთ ამომრჩევლებს ჰპირდებოდნენ, რომ იქნებოდა რიგ გარეშე არჩევნები, ვინაიდან, აიმედებდნენ თავიანთი უცხოელი უფროსები. ახლა მოუწია პარტიებს თავისი ამომრჩევლისთვის შეპარება, რომ აუცილებლად უნდა მიიღონ ამ არჩევნებში მონაწილეობა, რომ ფიზიკურად არ გაქრნენ პოლიტიკური ველიდან. სულ რაღაც პლატფორმებზე საუბრობენ.

ამ ბოლო დროს, ბატონმა ჯაფარიძემაც რაღაც ახალი პლატფორმა დაამატა, ამასობაში საუბრობდნენ რაღაც ალტერნატიულ პარლამენტზე. რამდენიც არ უნდა იმსჯელონ, ეს არის სახლობანას თამაში და ჩვენი სურვილია, რომ რაც შეიძლება დაბრუნდნენ რეალობაში“, - აღნიშნავს მმართველი გუნდის დეპუტატი.