მაჭავარიანი ოპოზიციაზე: ისინი ვერ იტანენ ერთმანეთს, ლანძღავენ ერთმანეთს, ეზიზღებათ ერთმანეთი, შესაბამისად, შეუძლებელია მათი ერთობა
„ცდილობენ, რომ გაემიჯნონ მიხეილ სააკაშვილს, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილი არის პირდაპირ ასოცირებული სისხლიან რეჟიმთან. თუმცა, თავადაც რომ არიან ასოცირებულები, ამას ვერ იაზრებენ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა, ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც დეპუტატი აღნიშნავს, ოპოზიციის წარმომადგენლების ერთობა შეუძლებელია.
„ვერანაირი ერთობა ვერ შედგება ვერასდროს, როდესაც ერთი იდეის გარშემო არ ხარ გაერთიანებული და როდესაც ამ ყველაფერს აკეთებ იმიტომ, რომ გარე უფროსებმა და გარე პატრონებმა ასე დაგავალეს. ეს, სხვათა შორის, თავდაპირველად აღიარა სააკაშვილმა, შემდეგ ნიკა გვარამიამ, კონკრეტულად ამ ერთობასთან დაკავშირებითაც, რომ გარე მითითებით მოხდა.
ისინი ვერ იტანენ ერთმანეთს, ლანძღავენ ერთმანეთს, ეზიზღებათ ერთმანეთი, შესაბამისად, შეუძლებელია მათი ერთობა. ამ შემთხვევაში, ცდილობენ, რომ გაემიჯნონ მიხეილ სააკაშვილს, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილი არის პირდაპირ ასოცირებული სისხლიან რეჟიმთან, თუმცა, თავადაც რომ არიან ასოცირებულები, ამას ვერ იაზრებენ.
შემდეგ აანონსებენ, რომ რაღაც კარდაკარები უნდა ჩაატარონ, რაც შეუძლებელია. ფიზიკურად ხალხში ვერ გავლენ, ისინი არიან უსამშობლოები და უღმერთოები. ქართველი ასეთი კატეგორიის ადამიანებს არასდროს არ მიიღებს“, - აღნიშნავს მმართველი გუნდის დეპუტატი.