მაჭავარიანი ლატვიის პრემიერისა და ესტონეთის პრეზიდენტის განცხადებაზე: გაწირეს უკრაინა, მოიქცნენ უპასუხისმგებლოდ და ახლა აცხადებენ, თურმე რუსეთთან საუბარი ყოფილა საჭირო
„ეს მიუთითებს მხოლოდ მათ უპასუხისმგებლო საქციელზე და უპასუხისმგებლო პოლიტიკაზე, იქიდან გამომდინარე, რომ ეს აქტორები აგულიანებდნენ უკრაინას, რომ მათი დახმარებით უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებდა“, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი ლატვიის პრემიერ-მინისტრისა და ესტონეთის პრეზიდენტის განცხადებას, სადაც ლატვიის პრემიერ-მინისტრი და ესტონეთის პრეზიდენტი რუსეთთან დიალოგში ჩასართავად ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის ინიციატივით გამოდიან.
მისი თქმით, ევრობიუროკრატიის წარმომადგენლებმა უკრაინა - გაწირეს და უპასუხისმგებლოდ მოიქცნენ.
„აგულიანებდნენ და ჰპირდებოდნენ - დაჩქარებული წესით ნატოში მიიღებდნენ, დაჩქარებული წესით მიიღებდნენ ევროკავშირში, გაყინულ რუსულ აქტივებს გადასცემდნენ უკრაინას. ეს ყველაფერი აღმოჩნდა - ტყუილი და მათ გაწირეს უკრაინა, მოიქცნენ უპასუხისმგებლოდ.
ვინ იღებს იმაზე პასუხისმგებლობას, რომ 4 წელი ამყოფეს ასეთ მდგომარეობაში, ათობით მილიონი უკრაინელი არის უსახლკაროდ დარჩენილი, მილიონამდე არის დაღუპული, ინფრასტრუქტურა არის მთლიანად განადგურებული და ის ადამიანები, რომლებიც 4 წელი ამ კოშმარში ცხოვრობდნენ, რამდენი წელი დასჭირდება ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამოსასვლელად.
აი, ასეთ მდგომარეობამდე მიიყვანს უკრაინა და ახლა უპასუხისმგებლოდ იქცევიან და აცხადებენ, რომ თურმე რუსეთთან საუბარი ყოფილა საჭირო, მაშინ, როდესაც სწორედ ეს აქტორები 4 წლის განმავლობაში აბსოლუტურად ყველას უკრძალავდნენ რუსეთთან საუბარს და დიპლომატიის გზით ამ კონფლიქტის დასრულებას“, - აღნიშნავს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე.