მაჭავარიანი „ინტერ რაოსთვის“ გადასახდელ თანხაზე: ის კომპენსაცია, რომელიც ჩვენს ქვეყანას დაეკისრა, ვერანაირ ნეგატიურ გავლენას ვერ მოახდენს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე
„ნაციონალურმა მოძრაობამ“, მას შემდეგ, რაც ომი დასრულდა რუსეთთან და მოღალატეობრივად ხელი მოაწერეს რეზოლუციას და ჩვენს ჯარისკაცებს დააბრალეს ომის დაწყება, მას შემდეგ გადასცეს ფაქტობრივად ყველა სახელმწიფო სტრატეგიული ობიექტი რუსეთის სახელმწიფოში არსებულ კომპანიებს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, „ინტერ რაოსთვის“ გადასახდელი კომპენსაცია, ნულოვან ნეგატიურ გავლენას იქონიებს საქართველოს ეკონომიკასა და მოსახლეობაზე.
„როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, რა თქმა უნდა, დავიწყეთ პროცესი, რომ ეს ყველაფერი გამოგვესწორებინა, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცოდით, რომ კონკრეტული სამართლებრივი დავები მოჰყვებოდა რაღაც-რაღაცებს და ა.შ. ეს სამართლებრივი დავაც სწორედ ამით არის გამოწვეული, ვინაიდან ჩვენ დავუბრუნეთ ჩვენს ქვეყანას კონკრეტული სტრატეგიული ობიექტები, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ვიმუშავეთ ძალიან მაღალ დონეზე საერთაშორისო პლატფორმაზე, სამართლებრივ ჩარჩოში. ის კომპენსაცია, რომელიც ჩვენს ქვეყანას დაეკისრა, ეს ვერანაირ ნეგატიურ გავლენას ვერ მოახდენს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე“, - აღნიშნავს მაჭავარიანი.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ „ინტერ რაოსთვის“ საერთაშორისო არბიტრაჟში დაკისრებული თანხის გადახდა დაიწყო. საუბარია 139 მილიონ დოლარზე, რომელსაც ქვეყანა 2028 წლის 10 ივლისამდე დაფარავს. კომპენსაციის მომსახურების თაობაზე შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და „ინტერ რაოს“ შორის უკვე შედგა. საქმე ეხება 2 პარალელურ საარბიტრაჟო დავას, რომლებიც საქართველომ „ინტერ რაოსთან“ წააგო და რომელიც წლების წინ დაწყებულ სატარიფო დავას უკავშირდება.