მაჭავარიანი „იგლ ჰილსის“ საწინააღმდეგო კამპანიაზე: რაღაც მდაბიო კამპანია დაიწყეს, მაკლერ ქალბატონს ალაპარაკებენ, რომელიც, დიდი ალბათობით, ხელოვნური ინტელექტით გაკეთებული ვიდეოა
„რაღაც მდაბიო კამპანია დაიწყეს, მაკლერ ქალბატონს ალაპარაკებენ, რომელიც, დიდი ალბათობით, ხელოვნური ინტელექტით გაკეთებული ვიდეოა“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, პრემიერმა ბევრჯერ განმარტა, თუ რამდენად უნაკლო პროექტია და რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.
„ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, „ალტ-ინფო“ - თითქოსდა იდეოლოგიურად განსხვავებული ჯგუფები გაერთიანდნენ ამ პროექტის წინააღმდეგ. ახლა რაღაც მდაბიო კამპანია დაიწყეს - მაკლერ ქალბატონს ალაპარაკებენ, რომელიც, დიდი ალბათობით, ხელოვნური ინტელექტით გაკეთებული ვიდეოა, იმისათვის, რომ უფრო მეტი გაუგებრობა შემოიტანონ საზოგადოებაში. თუმცა, ჩვენ და პირადად პრემიერ-მინისტრმა ძალიან ბევრჯერ განუმარტა საზოგადოებას, თუ რამდენად უნაკლო პროექტია და რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.
ხაზს გავუსვამ, რომ ამ შემთხვევაში, საუბარია არამხოლოდ 6.5 მილიარდ დოლარზე - უშუალოდ „იგლ ჰილსის“ მხრიდან, არამედ როდესაც ასეთი მსხვილი საინვესტიციო დეველოპერული ჯგუფი შემოდის ქვეყანაში, ეს არის სიგნალი დანარჩენი მსხვილი ჯგუფებისთვის, რომ ამ ქვეყანაში არის იდეალური საინვესტიციო გარემო“, - აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე.