მაჭავარიანი გახარიას პარტიის დეპუტატებს: ყველას კარგად გვახსოვს თქვენი ლიდერი და „ლელოს“ ლიდერი რა სიტყვებით მოიხსენიებდნენ ერთმანეთს - არ შერცხვათ როდესაც გაერთიანდნენ?
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო-ძლიერ საქართველოს“ შორის 4 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით გაფორმებულ მემორანდუმზეც ისაუბრა.
მაჭავარიანმა „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატებს კითხვით მიმართა: შერცხვათ თუ არა მათი პარტიის ლიდერებს, როდესაც გაერთიანდნენ.
„არჩევნების წინ „ლელოს“ გაუერთიანდით. ყველას კარგად გვახსოვს თქვენი ლიდერი და „ლელოს“ ლიდერი რა სიტყვებით მოიხსენიებდნენ ერთმანეთს - არ შერცხვათ როდესაც გაერთიანდნენ? ბოდიში მოუხადეს ერთმანეთს? რომელიმე გამოვიდა და ახსნა, რომელი ცდებოდა ბრალდებაში, რომელსაც უყენებდნენ?!
ერთი მეორეს თაღლითს ეძახდა, ხაზარაძე თქვენს ლიდერს რუსეთის აგენტს ეძახდა. ძალიან ბევრი უმძიმესი ბრალდება იყო. რანაირად გაერთიანდით?! საერთო კანდიდატზე, კუპრაძეზე რომ ჩამოყალიბდით, შეურაცხყოფა რომ მიაყენეთ ამომრჩეველს, 20 კაცი რომ გააჩერო ქუჩაში, ალბათ ორმა არ იცის ვინ არის კუპრაძე.
იმიტომ მოუწიათ ხაზარაძეს და გახარიას დამეგობრება, რომ იმ ვერტიკალმა დაავალა, რომელსაც არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველობას ვუწოდებთ, თუ გინდათ გლობალური ომის პარტია დავუძახოთ, თუ გინდათ „დიფ სთეითი“, როგორც ტრამპი ეძახის. ერთი ვერტიკალით იმართებით, როგორც ირაკლი კირცხალიამ თქვა, დივერსიფიცირება მოახდინეს თქვენმა გარე უფროსებმა, ვერ ჩამორეცხეს „ნაცმოძრაობას“ სისხლიანი წარსული, ფსონი დადეს თქვენსა და „ლელოზე“, ამით შეეცადნენ ამომრჩეველი შეცდომაში შეეყვანათ“,- აღნიშნა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.